დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს.
ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელ ფეხბურთელებს პატიებას თუ სთხოვთო.
„რაგინდ საშინლადაც უნდა ჟღერდეს — არა, — თქვა ბეილმა, — ეს ფეხბურთია. ეს არის შეჯიბრება, რომელშიც ჩვენ თავად გვინდა გამარჯვება. მსოფლიოში ყველა თანაუგრძნობს უკრაინას. კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყნისთვის გამარჯვება, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გვინდა მოხვედრა.
ამაში შემაძრწუნებელი არაფერია. ეს სურვილი ჩვენი გულებიდან, ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან მოდის და გვინდა საკუთარ გულშემატკივარს საჩუქარი მივუძღვნათ”.
32 წლის ბეილს უკრაინასთან, უფრო სწორედ კი მის დედაქალაქ კიევთან საუცხოო მოგონება აკავშირებს. 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან სწორედ იქ გაიტანა „ლივერპულის” კარში ორი გოლი, რომელთაგან ერთი ზღაპრული მაკრატელა იყო.
ამ მოგონებების ფონზე ის კადრები, რომლებიც დღევანდელი კიევიდან ვრცელდება, უელსელისთვის ორმაგად შემზარავია.
„როდესაც ვფიქრობ, რომ უკრაინაში ნამყოფი ვარ, სიურეალისტური განცდა მიპყრობს. გული მიკვდება, როდესაც იქაურ ფოტოებს ვხედავ და იქაურ ამბებს ვკითხულობ”.
უელსის ნაკრები 64 წელიწადია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ყოფილა. ამდენად, შესაძლოა დანარჩენ მსოფლიოს დღეს უკრაინის გამარჯვება უნდოდეს, მაგრამ კარდიფში რასაკვირველია მასპინძლებს უქომაგებენ.
„დღეს სტადიონი ჩვენ დაგვიჭერს მხარს და მთავარი სწორედ ეს არის”, — დასძინა ბეილმა.
უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს” მცველმა ოლექსანდრ კარავაევმა კი თქვა: „ჩემი ოჯახის წევრები დღეს თამაშს ვერ ნახავენ, რადგან ჩვენთან ინტერნეტი არ არის, მაგრამ მესიჯებით შევატყობინებ ყველაფერს.
სპორტი სპორტია და უელსელთაგან საჩუქრებს არ ველით. არც დაუმსახურებელი გამარჯვება გვჭირდება”.