პარასკევს „მერიტონ ჰოლდინგმა” ხოსე ბორდალასი „ვალენსიადან” გაუშვა. მწვრთნელს არავინ შეხვედრია, დაურეკეს და უთხრეს, თავისუფალი ხარო. ასე დაიწყო „მესტალიაზე” ჯენარო, იგივე რინო გატუზოს ეპოქა, რომელიც ამ წუთისთვის ოფიციალური ჯერ კიდევ არ არის.

Valence : Gonçalo Guedes est sur un petit nuageSuperdeporte წერს, რომ ჭადრაკის იმ პარტიაში, რომელსაც „ღამურების” სინგაპურელი მეპატრონე პიტერ ლიმი გულშემატკივარს ეთამაშება, შემდეგი სვლა ვალენსიაში გატუზოსა და მისი მეგობარი-აგენტის ჟორჟე მენდეშის ჩასვლა იქნება. ამასთან, გამოცემის აზრით, მთელ ამ ისტორიაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ კაციშვილმა არ იცის რა ბედი ელის გუნდს. არ არსებობს პროგრამა, პროექტი, გეგმა.

ლიმი და მისი კომპანია გატუზოს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. მხარეები ხელფასზეც შეთანხმებულან. Seperdeporte ამბობს, რომ იტალიელმა ვალენსიაში ჩასვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები უნდა მოაგვაროს, რომელთაგან პირველი სეზონისწინა მზადების გეგმა გახლავთ. ბორდალასს რაღაც მონახაზი კი ჰქონდა, მაგრამ ამის შესახებ ახლა აღარავინ იცის. რა უნდა მოხდეს ზაფხულში? სად უნდა გაემგზავროს გუნდი სავარჯიშოდ? როდის უნდა დაიწყოს შეკრება?

საინტერესოა, რომ იტალიური მედიის მტკიცებით, გატუზო „ვალენსიადან” გაუშვებს გონსალო გედეშს, კარლოს სოლერსა და ხოსე ლუის გაიას, მაგრამ მაინც კონკურენტუნარიან გუნდს შექმნის. ერთი რამ ცხადია, გედეშის, სოლერისა და გაიას გაშვება ანუ სინამდვილეში გუნდის დასუსტება გატუზოს მოფიქრებული არ არის. ეს გადაწყვეტილება სინგაპურიდან მოდის.

ვალენსიური პრესა წერს, რომ აქ ლაპარაკია არა მხოლოდ სამი საუკეთესო ფეხბურთელის თავიდან მოშორებაზე, არამედ სამიდან ორი ისეთი მოთამაშის გაშვებაზე, რომელსაც ძარღვებში „ვალენსიური სისხლი” უდუღს. გატუზო გატუზოდ და „მერიტონშიც” აზრზე არ არიან ამ კლუბს რა სჭირდება და რა არაო, წერს Superdeporte.

და იკვეთება დიდი პრობლემა: უპერსპექტივობა. დღეს გარკვევით ვერავინ იტყვის, რა შეიძლება დაგეგმოს გატუზომ მომავალ სეზონში. შარშან ამ დროს ამბობდნენ, რომ „ღამურებს” ევროთასებზე მოხვედრას ვერ დაავალდებულებდნენ, რადგან ლა ლიგაში იყვნენ მათზე ძლიერი გუნდები: „რეალი”, „ბარსელონა”, „ატლეტიკო”, „სევილია”, „ბეტისი”, „სოსიედადი” და „ვილიარეალი”. წლეულს კი ინებეთ, შემადგენლობის კიდევ უფრო ასუსტებენ, რაც მარტივად რომ ვთქვათ, მთლად სწორ გადაწყვეტილებას არ ჰგავს.

განა სწორედ ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობამ არ აიძულა ბორდალასი გასულ სეზონში ავანტიურაზე წასულიყო და მთელს ფსონს „სამეფო თასზე” ჩასულიყო? როტაციამ მოკლე სკამის მქონე გუნდი ლა ლიგაში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის რიტმიდან ამოაგდო და როდესაც თასის ფინალშიც წააგო (ისეთი დეტალის გამო, როგორიც პენალტების სერიაა), ყველაფერი დაიკარგა.

და აი, პიტერ ლიმი, რომელიც მესამე წელიწადია კლუბს უდგას სათავეში გუნდს ასუსტებს და კვლავ ახალი მწვრთნელის იმედად არის. გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიოს ახალმა მწვრთნელმა წარმატებას კიდევ უფრო ცუდი შემადგენლობით?

აღსანიშნავია, რომ Superdeporte-ს ამ წერილში ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ არაფერი წერია.