Photo 567513„ერთა ლიგის” C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ვერ მოუგო — 1:1. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფია. ვილი სანიოლის გუნდს 5 ივნისს სწორედ ბულგარელებთან უწევს სტუმრობა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრის შემდეგ ბულგარელების 53 წლის მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს ორი გამოცემის, 24 Часа-ს და 7 sport-ის ვერსიით.

„რაკი ვერ მოვიგეთ, ესე იგი შედეგი ცუდია. ჩვენ ვეთამაშეთ კარგ გუნდს და ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ეს დიდი სურვილის და სიჩქარის ბრალი იყო. გუნდს მეტი შეუძლია. მეტოქემ ჩვენი შეცდომის წყალობით გაგვიტანა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. სვლა უნდა განვაგრძოთ.  ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ ფსონს მაინც მათზე ჩავდივარ. ამ ფეხბურთელებმა კარგად გაართვეს საქმეს თავი. ჩვენი მიზანი ფეხბურთის თამაში იყო. მეტოქეს ჰყავდა ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც დიდ გუნდებში გამოდიან.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენი მოთამაშეების უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია. როდესაც რეგულარულად თამაშობ სხვაა, ხოლო როდესაც არ თამაშობ — სულ სხვა. მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. იმედია საქართველოსთან არ მიგვატოვებენ”, — ამბობს პეტროვი 7 sport-ში.

24 Часа-დან ციტატა კი ასეთია: „საფეხბურთო სამყაროში ბევრი ელოდა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე მოვლენებს ყოველთვის რეალისტურად ვუყურებ. გვაქვს კონკრეტული მოცემულობა, ჩვენი და მათი ნაკრები გუნდები, ფეხბურთელების ამჟამინდელი ფორმა, ვინ სად თამაშობს და ასე შემდეგ. დღეს გვქონდა პოზიტიური და ნაკლებად პოზიტიური მომენტები. ჩვენ მათ გამოსასწორებლად უნდა ვიმუშაოთ. მათ შესახებ ვიცით და ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ თამაშის შედეგი ლოგიკური იყო. ახლა სამ დღეში ძალები უნდა აღვიდგინოთ — აქ, სალაპარაკო არაფერია, მოედანზე უნდა გავიდეთ და საქართველოს მოვუგოთ. ეს საჭიროა პირველ ადგილზე გადასასვლელად. შემდეგ ვხვდებით გიბრალტარს და მერე მივდივართ საქართველოში. პროგრამა გადატვირთული და რთულია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად და ვფიქრობ, რომ მიზანთან ახლოს ვართ”.