Image 6საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგაში ოთხი მატჩი ზედიზედ, 10 დღეში აქვს სათამაშო.  ვილი სანიოლს ოთხივე მატჩის მოგების გეგმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციაზე ასე თქვა და ამის გაკეთება, მუსიე ვილის, ალბათ, არც იოლი ჰგონია.

მართალია, პირველი მეტოქე გიბრალტარია, მაგრამ ორი თამაში ბულგარეთთან (შინ და სტუმრად) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (სტუმრად) ელის.

სანიოლს ამ მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. ფრანგ სპეციალისტს შემადგენლობის როტაცია აუცილებლად დასჭირდება, რადგან მატჩები ასეთი, აქამდე არნახულად მჭიდრო გრაფიკით უწევს.

ფრანგ სპეცილისტს ბევრი სამუშაო აქვს, ბევრი რამ გადასაწყვეტი. სანიოლს ყველაზე მეტი საფიქრალი მეკარის პოზიციაზე აქვს. გიორგი ლორია თუ გიორგი მამარდაშვილი? რომელიც  უნდა დააყენოს და ღმერთმა ნუ ქნას, მისი რჩეული შეცდეს, მწვრთნელს ყველა მხრიდან „მოხვდება“. დიდი ალბათობით, ვილი გამოცდილებას დაეყრდნობა და ძირითადში ადგილს ლორიას დაუთმობს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ გუნდის აშენება მამარდაშვილით უნდა დაიწყოს. ეს ჩვენი აზრია…

Image 12სანიოლი, დიდი ალბათობით, ბოლო დროს არჩეულ სქემას არ უღალატებს და გუნდს მოედანზე სამი ცენტრალური მცველით გაიყვანს. კაკაბაძე და კაშია ამ სქემის ნაწილია, მესამე მცველი ამ გადასახედით მოსაძებნია… ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკის არმქონე დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი თუ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სოლომონ კვირკველია? სავარაუდოდ, სანიოლი შანსს ყველას მისცემს. ხოლო თუ როგორ გადაანაწილებს ფრანგი ამ ფეხბურთელებს როტაციაში, ეს უკვე მოფიქრებული ექნება. ფლანგელების პოზიციაზე არჩევანი საკმაოდ არის, თუმც კონკურენციაა  კიდევ უფრო გაზარდეს გიორგი წიტაიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა, რომლებსაც, სამმცველიან სქემაში, მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლიათ. აქვე შეიძლება საბა ლობჟანიძის გამოყენებაც.

ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ პრობლემური გახდა საყრდენი ზონა. სანიოლს შვიდი ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული, ვისაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია. შედარებით მშვიდად შეუძლია გიბრალტართან იყოს, დანარჩენ მატჩებში კი, როტაციას აუცილებლად მიმართავს. აქ უკვე მის ალღოზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ ვის, რომელ მეტოქესთან მიცემს თავის გამოჩენის საშუალებას. ერთია, ოთარ კიტეიშვილი გუნდის ნამდვილი მოტორია და ვფიქრობთ, გუნდიც მის გარშემო უნდა აიწყოს. პირველ მატჩში კიტეიშვილს დიდი დრო არ უნდა მიეცეს, რადგან ბოლო დროს ტრავმებმა შეაწუხა და ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა. გიბრალტართან, ალბათ, მატჩის დასკვნით მონაკვეთში ათამაშებს.

Image 21სამაგიეროდ, კიტეიშვილი უნდა იყოს ბულგარეთთან და ჩრდ.მაკედონიასთან მატჩებში. ოთო ხომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო შემოქმედებითი ქართველი ფეხბურთელია. ნახევარდაცვის ფლანგებზე მწვრთნელს ბევრი ცვლილების საშუალება აქვს. ამ პოზიციაზე ნამდვილად არ უჭირს, რასაც ვერ ვიტყვით თავდასხმაზე, სადაც სულ სამი გამოკვეტილი ფორვარდი ჰყავს. აქედან, ძირითადად გიორგი მიქაუტაძესა და ბუდუ ზივზივაძეს უნდა დაეყრდნოს. დრო ალბათ მიქელთაძესაც მიეცემა, მაგრამ, ვფიქრობთ, მცირე. მეტოქეებზე: ბულგარეთი ჩვენთვის უხერხული გუნდია – თითო მოგება და ფრე ოთხი მარცხის წილ. ამასთან, სამი დიდი ანგარიშით. ბოლო მარცხიდან (1:4) სულ შვიდი თვეა გასული. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს სანიოლი.

ჩრდ.მაკედონიას სამჯერ შევხვედრილვართ და სამივე ახლო წარსულში იყო. უეფას ერთა ლიგის ჯგუფში მაკედონიელებს 2020 წლის სექტემბერში და ოქტომბერში ორჯერ ფრე (ორივეჯერ 1:1) ვეთამაშეთ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი თამაში, თბილისში 0:1 წავაგეთ. რევანშის დროა… ბულგარეთთანაც, ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც… გიბრალტარს სარევანშოდ საქმე აქეთ აქვს.

Image 15