მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დახურა.
ერევანში, პირველი ოქრო საქართველოს დელეგაციას 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვმა მოუტანა, რომელმაც ფინალში ბულგარელ ერგიუნალ სებატინი დაამარცხა.
შემდეგ, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანმა იმარჯვა. ოქროსთვის გომციანმა ესპანელ ხოსე ქუილეს ბროტონსი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. 5 მსაჯიდან სამმა მხარი ქართველ მოკრივეს დაუჭირა, ორმა – ესპანელს.
მესამე ოქრო ჩვენს დელეგაციას 86-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი ყუშიტაშვილმა მოუტანა. ჩვენებურმა ფინალში მასპინძელ რაფაელ ჰოვანესიანს მსაჯების გადაწყვეტილებით 4:0 მოუგო.
ოქროს მედლისთვის იბრძოლა ლაშა გურულმაც (67), რომელსაც სერბეთის სახელით მოასპარეზე ვახიდ აბასოვმა ასევე მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.