Bale scored a spectacular overhead kick in the 2018 Champions League finalლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება.

Gareth Bale and that 'Wales, golf, Madrid' flag: Real are not amused | Gareth Bale | The Guardianმაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ მოუწყობს.

ბეილი პარალელურ სამყაროებში ცხოვრობს: მადრიდში აკრიტიკებენ, უელსში კი კერპია.

32 წლის ვარსკვლავს შეუძლია ფეხბურთელის კარიერა ბრწყინვალედ დაასრულოს. ამისათვის საჭიროა მისი ლიდერობით უელსის ნაკრები 64 წლის შემდეგ პირველად მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. „დრაკონებს” 5 ივლისს შოტლანდიასთან ან უკრაინასთან ელით შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩი.

მადრიდში კი, სადაც ხელფასად 200 მილიონი გირვანქა აქვს აღებული, ის ვერასდროს გახდება ხალხის საყვარელი ფეხბურთელი.

რამ განაპირობა ასეთი განსხვავება? ბეილის მეგობარი, ხორვატი მოდრიჩი, რომელიც მასთან ერთად ჯერ კიდევ „ტოტენჰემში” თამაშობდა, ამბობს:

„ყველაზე კარგი იქნება თავად გარეთს თუ ჰკითხავთ რა ხდება. მე ჩემდაწილად ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გუნდისა და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას დიდი რაღაცები აქვს გაკეთებული, რის დავიწყებაც არ შეიძლება”.

ბეილის მადრიდული კარიერა ორად შეიძლება გაიყოს: ხუთი ბრწყინვალე და ოთხი კოშმარული წელიწადი.

ლოყებღაჟღაჟა ახალგაზრდა „სფურზიდან” მადრიდში 2013 წელს სარეკორდო 86 მილიონ გირვანქად გადავიდა და შემდგომ ხუთ სეზონში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გუნდურ ტრიუმფთან ერთად უელსელს არც პირადი წარმატება დაჰკლებია: ფინალებში(!) სამი გოლი გაიტანა; ერთი „ატლეტიკოს” და ორი „ლივერპულის” კარში. პირველი ფინალი ლისაბონში იყო, მეორე — კიევში. აქ მას არ ჩავუთვალეთ მილანურ ფინალში, იმავე „ატლეტიკოს” კარში გატანილი პენალტი, რადგან ეს მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოხდა.

ბეილმა თასი მეოთხედ მშობლიურ კარდიფში მოიგო, როდესაც „რეალმა” გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვე” დაამარცხა.

და აი, ზეგ, 28 მაისს, პარიზში 2018 წლის ფინალის გამეორებაა: „რეალი” „ლივერპულის” წინააღმდეგ. როგორც ვთქვით, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში უელსელმა ორი გოლი გაიტანა, მათგან ერთი დაუვიწყარი მაკრატელა დარტყმით. თან, იმ დროს მას და „რეალის” ლეგენდარულ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა უკვე გაფუჭებული იყო.

ბოლო ოთხი მადრიდული სეზონი ნავსიანი გამოდგა. ბეილი „ლოს ბლანკოსის” გულშემატკივრისთვის ლამის მთავარ მტრად გადაიქცა. ამ პერიოდში მის კარიერას თან სდევდა ტრავმები და სკანდალები.

2016 წელს თავდამსხმელმა კლუბთან ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იმ ზაფხულს ბეილი და უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ, რამაც ის კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში მოაქცია.

2019 წელს „რეალში” მწვრთნელად დაბრუნდა ზიდანი და… ბეილს ჩინურ კლუბ „ჯიანგსუ სუნინგში” გადასვლა ჩაეშალა. ეს ტრანსფერი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ჩინელებს ბეილისთვის კვირაში 1 მილიონი გირვანქა(!) უნდა გადაეხადათ. თან, უცნაური ის იყო, რომ გაკვაჭული საქმე ბოლოწამს ჩაიშალა.

ამის შემდეგ გავრცელდა ფოტოები, სადაც გარეთ ბეილი არხეინად თამაშობს გოლფს, მაშინ როდესაც „რეალი” სეზონისწინა საკონტროლო შეხვედრაში „ტოტენჰემს” უნდა შეხვდეს. ამან მისი მადრიდელი კრიტიკოსები გააღიზიანა.

2019 წლის სექტებმბერში თანაგუნდელმა ტიბო კურტუამ ბეილს მეგოლფე შეარქვა, რაც მას ბევრის გასაბრაზებლად ძალიან მოეწონა. ორი თვის შემდეგ კი, როდესაც უელსის ნაკრები ევრო 2020-ზე გავიდა ფორვარდმა თანაგუნდელებთან ერთად გაშალა პლაკატი, რომელზეც ეწერა: „უელსი. გოლფი, მადრიდი. თანმიმდევრობა ასეთია”.

ამის შემდეგ ბეილი ერთი წლით, იჯარით „ტოტენჰემში” გადავიდა, სეზონის განმავლობაში 16 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატის წინ საჭირო პრაქტიკა მიიღო, რასაც „რეალში” სავარაუდოდ ვერ მიიღებდა. მერე კი ისევ ტრავმები მიეძალა.

ესპანურმა მედიამ დიდხელფასიან „მეგოლფეს” პარაზიტი შეარქვა, რასაც ბეილმა უსინდისობა უწოდა.

ბეილი „რეალის” შემადგენლობაში ბოლოს 9 აპრილს ხეტაფესთან” გამოჩნდა. გულშემატკივრებმა უსტვინეს.

ზეგ კი დიდი ფინალია, სადაც ანჩელოტი მას ალბათ არ ათამაშებს.

თუმცა, ისეთი ყისმათაა,  ვინ იცის.