ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის „როლან გაროსი“ მეორე წრეში დასრულდა. ჩვენებური საფრანგეთის ღია პირველობას თითქმის უბრძოლველად დაემშვიდობა.
ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდი იყო, ვისთანაც სამ სეტში – 3:6; 1:6; 4:6 დამარცხდა.
ქართველმა ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ბასილაშვილი პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. მართალია, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეტოქეს ქულა ისევ დაუთმო და სეტიც წააგო.
კიდევ უფრო ცუდი გამოდგა მეორე სეტი, სადაც 0:5 ჩამორჩა. ამერიკელმა მშვიდად მიიყვანა სეტი ბოლომდე. მატჩში ნიკას ყველაზე კარგი მონაკვეთი მესამე სეტის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც 4:1 დაწინაურდა, მაგრამ იქვე აურია – ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ჯერჯერობით, „როლან გაროსზე“ მხოლოდ მინი-სენსაციები ხდება. ფავორიტები დამაჯერებლად მიიწევენ ტიტულისკენ.