ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ იურგენ კლოპი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. მარტივად რომ ვთქვათ, მან პრემიერლიგელი კოლეგების გამოკითხვაში გაიმარჯვა და ჯილდოც მიიღო. კლოპის „ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ორი ინგლისური თასი მოიგო — ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის. ორივე შეჯიბრების ფინალში მერსისაიდელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს „ჩელსი”. რაც შეეხება ჩემპიონატს, მართალია კლოპის გუნდმა ბოლო ტურამდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო დღეს ტიტულის ბედი „მანჩესტერ სიტის” სასარგებლოდ გადაწყდა.

გერმანელი ლონდონში დააჯილდოვეს, სადაც მან თქვა, რომ საუკეთესო მწვრთნელის წოდება საამაყოა და გასულ სეზონს გიჟური უწოდა.

„ბოლო ტურის მატჩებიდან ორის გარდა ყველაში რაღაცის ბედი წყდებოდა. საბოლოოდ ჩემპიონატს ჩვენთვის სასურველი დასასრული არ ჰქონდა, მაგრამ რაც მოხდა უკვე გადავხარშეთ.

როდესაც ასეთ ჯილდოს იღებ, ან გენიოსი ხარ ან საუკეთესო ასისტენტები გყავს. მე აქ ჩემს ასისტენტებთან ერთად მოვედი. მათ იციან, როგორ პატივსაც ვცემ”, — თქვა „წითლების” თავკაცმა.

ამავე დღეს იურგენ კლოპმა მეორე ჯილდოც მიიღო. ეს გახლდათ სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ტროფი, რომლის გამარჯვებულსაც ინგლისის ყველა ლიგის მწვრთნელები ასახელებენ. კლოპს ჯილდო თავად სერ ალექსმა გადასცა და იხუმრა:

„ეს არის სრული აგონია! 12 წლის წინ მე მას ვურჩიე დიდი ისტორიის მქონე კლუბში დაეწყო მუშაობა. ნეტავ მეთქვა „სკანტორპ იუნაიტედში” წასულიყო”.

ხუმრობის არსი ის არის, რომ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონი საშინლად ჩაატარა და საერთოდაც, კლოპის „ლივერპულის” ფონზე ბოლო წლებში ძალიან დაჩაგრულია.