თუკი ინგლისში ვინმე ქვედა ლიგიდან ზედაში აღზევდა… თუმცა, აღზევდა კი არა, ფლეი-ოფის ფინალში მაინც გავიდა; თუკი ვინმე გავარდნას გადარჩა, თუკი ვინმეს ოდნავი სიხარულის მიზეზი მიეცა, ყველას ქომაგი მოედანზე ჩახტა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ან ალიყური აჭამა ან მუჯლუგუნი უთავაზა ან აგინა მაინც. ჰოდა, რაკიღა „მანჩესტერ სიტი” მთლად პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, მანკუნიანელი გულშემატკივარი სხვას რატომ ჩამორჩებოდა? „ეტიჰედზე” „ასტონ ვილას” მეკარეს რობინ ოლსენს უტყაპუნეს. „სიტის” ბოდიშის მოხდა მოუწია.

„ქალაქელებმა” „ვილას” დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

როდესაც ფანები მოედანზე ჩახტნენ, სტიუარდებმა ფეხბურთელების გასახდელში უსაფრთხოდ გაყვანა სცადეს, მაგრამ ოლსენის დაცვა ვერ შეძლეს. ჟურნალისტებმა ამის შესახებ ბირმინგემელთა მწვრთნელისგან სტივენ ჯერარდისგან პრეს-კონფერენციაზე შეიტყვეს. როდესაც ჯერარდს ჰკითხეს, მიაღწიეს თუ არა მისმა ფეხბურთელებმა გასახდელს მშვიდობით, „ლივერპულის” ლეგენდამ უპასუხა: „არა. ჩემს მეკარეს დაესხნენ თავს”.

„მანჩესტერ სიტიმ” განაცხადა, რომ დამნაშავე გულშემატკივარს მიაგნებს და სტადიონზე ცხოვრებაში აღარ შეუშვებს. ინციდენტის გამოძიების პირობა დადო მანჩესტერის რეგიონულმა პოლიციამაც.

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა, სატელევიზიო მიმომხილველმა როი კინმა თქვა, რომ საქმეს მკაცრად უნდა მიხედვა, თორემ ნაძირალები ვინმეს შეიწირავენ.

„მგონი კოვიდის პერიოდში ხალხს დაავიწყდა როგორ უნდა სტადიონზე მოქცევა. იდიოტები! ნაძირალები!” — თავი ვერ შეიკავა კინმა.