დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შინ „სელტასთან” ლა ლიგის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს თამაშობს. ამ შეხვედრას გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „პლასადეპორტივას” აზრით ხოსე ბორდალასი მაინც ხუთკაციან დაცვას უერთგულებს.
კარში მამარდაშვილი არ იდგება. „ღამურების” შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლო თამაშს ჩაატარებს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი.
დაცვის ფრთებზე ითამაშებენ ტიერი რენდალი და ხოსე გაია, ცენტრალური ტრიო კი ასეთი იქნება: მუკტარ დიაკაბი, გაბრიელ პაულისტა და დიმიტრი ფულკიე.
ნახევარდაცვაში გამოვლენ უროშ რაჩიჩი, კარლოს სოლერი და ილიაშ მორიბა, მათ წინ კი იმოქმედებენ თავდამსხმელები მარკოს ანდრე და მაქსი გომესი.
ამ ეტაპზე „ვალენსიასთან” დაკავშირებით ფეხბურთზე უფრო საინტერესო სატრანსფერო საკითხებია. კლუბს ეტყობა, რომ ფულის პრობლემა აქვს და შემადგენლობის გაძლიერებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს. შეხვედრის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე ბორდალასს ჰკითხეს:
— ცნობილია, რომ თქვენ დირექტორატს ჯერ არ შეხვედრიხართ, არადა „ვალენსიასთან” კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი გაკავშირებთ. თქვენ ამბობთ, რომ უგო დუროსთან ხელშეკრულების 2026 წლამდე გაგრძელების შესახებ არც კი იცოდით. გარდა ამისა, კლუბის წარმომადგენლები ამ კვირაში „ბარსელონას” ხალხს შეხვდნენ… მომავალ სეზონშიც ასე, უნდა გაგრძელდეს?
— კლუბი საქმის კურსში მხოლოდ იმის შესახებ მაყენებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. ბოლო შეხვედრისას მითხრეს, რომ ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვით 65-70 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ, მაგრამ თუ რამდენიმე მოთამაშე გაიყიდება, ვინმე აუცილებლად უნდა იყიდონ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავსუსტდებით.
— თქვენ 65-70 მილიონზე ლაპარაკობთ. შეძლებს კი გუნდი ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლას?
— ზოგადად შესაძლებელია. სხვა საქმეა, არის თუ არა კლუბი ამისათვის ეკონომიკურად მზად და საერთოდ თუ აქვს ასეთი განზრახვა. ამ საკითხებს მე არ ვაკონტროლებ. ისე კი რამდენიც გინდათ იმდენი კლუბია, ისტორიით „ვალენსიას” რომ ჩამოუვარდება, ევროთასებზე კი კარგად გამოდის.