Incoming boss Erik ten Hag has landed in England and is being urged to stick with the underperforming forwardერიკ ტენ ჰაგს სთხოვეს არ აჩქარდეს. მართალია, ბოლო პერიოდში მარკუს რეშფორდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ დიდი მომავალი ელის და მისი თავიდან მოშორება სწორი არ იქნება.

ფოტოზე ხედავთ ტენ ჰაგსა და მის აგენტ კის ვოსს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლონდონის ოფისიდან გადიან. აქ ისინი კლუბის წარმომადგენლებს ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ელაპარაკებოდნენ. როგორც ითქვა ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს ენდობა, მაგრამ შეტევაში მისი დამხმარე სჭირდება.

კლუბში ახალი მწვრთნელის სურვილებს რასაკვირველია ითვალისწინებენ, მაგრამ რეშფორიც არ ემეტებათ გასაშვებად. რალფ რანგნიკი, რომელიც ტენ ჰაგმა უნდა შეცვალოს, საგონებელში იყო. მას ვერ გაეგო რა სჭირს რეშფორდს, რომელიც ვარჯიშებზე შესანიშნავია, თამაშებზე კი იკარგება. ფორვარდი „იუნაიტედის” მთავარ გუნდში 2015-16 წლებში აიყვანეს და ისე ცოტა გოლი ამ ჯერზე რომ გაიტანა, არასდროს გაუტანია. წინა ორ სეზონში მან 22 და 21 შეაგდო.

ფორმიდან ამოვარდნილ რეშფორდს პრობლემები აქვს ნაკრებშიც. 2022 მსოფლიოს ჩემპიონატის წელია და ცხადია ის გუნდთან ერთად ყატარში გამგზავრებაზე ოცნებობს, მაგრამ საეჭვოა, რომ წაიყვანონ.

„მანჩესტერ იუნაიტედთან” მარკუს რეშფორდს კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს ერთი წლითაც შეუძლიათ თანამშრომლობის გაგრძელება. ფორვარდი მანჩესტერელია და სხვა გუნდში გადასვლაზე არასდროს უფიქრია, თუმცა ამ სეზონში ვარიანტების განხილვას შეუდგა.

„იუნაიტედის” ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ტენ ჰაგი მათ ბიჭს გასაღებს მოუძებნის და ძველებურად აათამაშებს.

იმ ფეხბურთელთაგან, ვინსაც კონტრაქტის ვადა არ ეწურება, მანჩესტერელები სავარაუდოდ 24 წლის მარჯვენა მცველს არონ ვან ბისაკას გაყიდიან. ის „ოლდ ტრეფორდზე” 2019 წელს „კრისტალ პალასიდან” მივიდა. მასში ოლე გუნარ სულშერის დროს 50 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ არ გაამართლა.

პრემიერლიგის სეზონის დასრულებამდე კი დარჩა ერთი ტური. კვირას „მანჩესტერ იუნაიტედი” სწორედ „კრისტალ პალასს” ხვდება. ერიკ ტენ ჰაგი ამ შეხვედრას დაესწრება, ოფიციალურად კი ორშაბათიდან შეუდგება მუშაობას.

„იუნაიტედის” ოფისში ტენ ჰაგთან ერთად იყვნენ მისი ერთგული ასისტენტი მიჩელ ვან დერ გააგი და ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი სტივ მაკლარენი, რომელიც 1999-2001 წლებში „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონს ეხმარებოდა. ეს ის მაკლარენია, რომელიც 2006-07 წლებში ინგლისის ნაკრებსაც კი ედგა სათავეში და ახლა კვლავ „იუნაიტედის” პირველ გუნდთან იმუშავებს.

სადღეისოდ „მანჩესტერ იუნაიტედი” მეექვსე ადგილზეა და თუ ამ პოზიციას შეინარჩუნებს მომავალ სეზონში ევროლიგაში გამოვა, ხელის მოცარვის შემთხვევაში კი მეშვიდეზე იქნება და კონფერენციის ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.