„რეინჯერსის” ბრწყინვალე ევროსეზონი გულის ტკენით დამთავრდა: არონ რემზის პენალტების სერიაში ხელი მოეცარა, გადამწყვეტი დარტყმა ვერ გაიტანა და ევროლიგის თასი ფრანკფურტის „აინტრახტმა” მოიგო. არადა, უელსელი გლაზგოს გუნდმა „იუვენტუსისგან” დიდი გამარჯვებებისთვის შეიძინა.
აქამდე, 1980 წელს, ფრანკფურტელებს უეფას თასი ჰქონდათ მოპოვებული.
ფინალი, რომელიც სევილიაში გაიმართა 1:1 დამთავრდა. როდესაც 57-ე წუთზე ნიგერიელმა ჯო არიბომ ანგარიში გახსნა, „რეინჯერსის” ქომაგებს იმედი გაუჩნდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი 1972 წლის შემდეგ პირველად მოიპოვებდა კონტინენტურ ჯილდოს (72-ში სქოთებმა თასების თასი მოიგეს), მაგრამ 69-ე წუთზე ფრანკფურტელების კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რაფაელ ბორემ წონასწორობა აღადგინა.
გლაზგოელებს მეორე გოლის გატანა ზედ პენალტების წინ შეეძლოთ, მაგრამ რაიან კენტს ხელი მეკარე კევინ ტრაპმა დიდებული თამაშით შეუშალა. სწორედ ტრაპმა მოიგერია რემზის ზემოთ ნახსენები პენალტიც.
ეს გახლდათ დღე, როდესაც „რეინჯერსის” დაახლოებით 100 000 და „ფრანკფურტის” 50 000 ფანი სევილიის მზით გაჩახჩახებულ ქუჩებში სვამდა, ბღაოდა და ჩხუბობდა. საკუთრივ „სანჩეს პისხუანზე” კი 44 ათასი გულშემატკივარი ეტევა. იქ, თითოეული გუნდისთვის 9500 ადგილი იყო გამოყოფილი, თუმცა სტადიონი მხოლოდ სქოთებმა და გერმანელებმა შეავსეს. სქოთები რასაკვირველია მეტნი იყვნენ, თუმცა მღერასა და ღრიანცელში გერმანელები არ ჩამორჩებოდნენ.
საბრალო რემზი კი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში ქომაგებმა ლანძღეს და თათხეს. საინტერესო იყო მავანი გულშემატკივრის „ტვიტი”: რემზიმ „არსენალი” კი დატოვა, მაგრამ „არსენალს” რემზი არ დაუტოვებიაო — უელსელი 2008-19 წლებში სწორედ ლონდონის კლუბს ეკუთვნოდა. მეორემ თქვა, რემზის ძარღვებში აშკარად „არსენალის” სისხლი ტრიალებსო.
„სანის” მესვეტემ პიერს მორგანმა კი ფეხბურთელს მხარი დაუჭირა: „მინდა რემზის თანავუგრძნო. იმაზე ცუდი რა უნდა იყოს, როდესაც ააცილებ პენალტს, რომელიც შენს გუნდს ევროპულ თასს მოაგებინებდა.
იმავე აზრის იყო „რეინჯერსის” ლეგენდა ალი მაკკოისტიც: „რემზის მხარი უნდა დავუჭიროთ. პენალტის დარტყმის დროს ხელი ყველას შეეძლება მოეცაროს”.