გასულ უქმეებზე ბებერ კონტინენტზე სარაგბო საკლუბო ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე პირველი ფინალისტი დუბლინში გამოვლინდა, სადაც ადგილობრივმა „ლენსტერმა“ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ უპრობლემოდ და დიდი სხვაობით – 40:17 დაამარცხა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული რაგბის საკლუბო სამყაროს ახალი გვირგვინოსანი ეყოლება.

მეორე ნახევარფინალში ერთამეთს ორი გურამის კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – გოგიჩაიშვილის „რასინგ-92“-მა პაპიძის „ლა როშელს“ ლანსში უმასპინძლა და 13:20 დამარცხდა. პაპიძე ტრავმირებულია და ამდენად, მხოლოდ ერთმა გურამმა ითამაშა. გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი გაატარა მოედანზე და ვიდრე ის თამაშობდა, „რასინგი“ მუდმივად იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მის გუნდს ერთი მეორის მიყოლებით კვაჭი და მარჯვენა ბურჯი გაუძევეს და ორკაცნაკლულმა დედაქალაქელებმა ზღვისპირელების წნეხს ვეღარ გაუძლეს. „ლა როშელი“ კი ზედიზედ მეორედ გავიდა ჰეინეკენის ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც შარშან ხსენებულ „ტულუზთან“ დამარცხდა.

ფინალი ორ კვირაში, 28 მაისს მარსელის „ველოდრომზე“ გაიმართება და იმედია, გურამ პაპიძე ამ მატჩისთვის მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.

აი, ჩელენჯ კაპის მფლობელთა შორის კი ქართველი წლეულსაც იქნება.  თუკი შარშან ეს ევროტურნირი „მონპელიესთან“ ერთად მიხეილ ნარიაშვილმა და გელა აფრასიძემ მოიგეს, 27 მაისს, წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას დიდი ალბათობით ერთბაშად სამი ბორჯღალოსანი მიიღებს.

No description available.პირველ ნახევარფინალში ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ლონდონის „უოსპსს“ უმასპინძლა და უდაძაბულეს ბრძოლაში 20:18 დაამარცხა. ორივე ჩვენებური ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაშიც იყო და ორივემ შეუცვლელადაც ითამაშა. ბექაც და დათოც შესამჩნევები იყვნენ და გუნდის წარმატებაში საკმაო წვლილიც შეიტანეს.

მეორე ნახევაფინალი კი ტულონის „ფელიქს მაიოლზე“ მასპინძელი კლუბის გამარჯვებით დასრულდა. „ტულონმა“ ასევე ლონდონურ კლუბს – „სარასენსს“ 25:16 აჯობა და გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ბექა გიგაშვილი იყო. ქართველმა ბურჯმა თავისი ამპლუისთვის საკმაოდ დიდი დრო გაატარა მოედანზე – 71 წუთი, და თამაშიდან მაშინ გავიდა, როცა საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

ამრიგად, 27-ში ქართული ფინალი გველის, რომელსაც ასევე მარსელის „ველოდრომი“ უმასპინძლებს