The Audios of Anil 2გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” ცხოვრებაში სიახლე ის არის, რომ გაზეთმა „სუპერდეპორტემ” ხელთ იგდო მისი პრეზიდენტის ანილ მურთის საუბრები (მურთი კლუბის მეპატრონის, პიტერ ლიმის მიერ დანიშნული კაცია) და გამოქვეყნებას შეუდგა. გაზეთი წერს, მურთის საუბრებთან წვდომა გვაქვსო. რას ნიშნავს ეს „წვდომა” მთლად ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მან ესპანელ გულშემატკივართა ინტერესი გამოიწვია.

დღეს მიზანშეწონილად ჩავთვალეთ „საუბრების” იმ ულუფას გავცნობოდით, რომელიც მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ეხება, რადგან მიგვაჩნია, რომ მამარდაშვილის მომავლისთვის მწვრთნელი მნიშვნელოვანია. ბორდალასზე აუგი ნამდვილად არ გვეთქმის.

„ის ძალიან რთული პიროვნებაა, — ამბობს მურთი საუბრებში, — ცოტა არ იყოს თავისებური კაცია, მაგრამ ურთიერთობას ვახერხებ”.

პრეზიდენტი დასძენს, რომ გასულ ზაფხულს გუნდი „ვინმე უფრო მნიშვნელოვანს იმიტომ არ ჩააბარეს, რომ ბორდალასის ეიმედებოდათ. და აქვე მურთი ფინანსურ მხარესაც ეხება. მისი თქმით „ვალენსიას” დიდი ნახვრეტი აქვს — „ოცდაათრაღაცა” მილიონი ევრო.

რაც შეეხება ფეხბურთელების ყიდვას, მურთი განმარტავს, რომ კლუბმა ის მოთამაშეები შეიძინა, რომლებიც ბორდალასს უნდოდა. „ის მარკუს ანდრეზე ჩამოდიოდა ფსონს”, — თქვა პრეზიდენტმა და დააზუსტა:

„ბორდალასს მარკუს ანდრეს გარეშე სატრანსფერო ბაზრიდან წამოსვლა არ უნდოდა. ანდრე ის ფეხბურთელია, რომელიც 4 მილიონი ღირდა და 9 მილიონამდე გაძვირდა. ჩვენ მწვრთნელს ყოველმხრივ დავუდექით გვერდში. ვიყიდეთ ილიაში, უგო დურო… ესენი სულ მისი სურვილით შევიძინეთ”.

მურთმა „ბეტისთან” პენალტებით წაგებულ „სამეფო თასის” ფინალზეც ილაპარაკა:

„სათამაშოდ იმ განწყობით გავედით, რომ „ბეტისი” გვჯობდა. რატომ არ ჩავკეტეთ თამაში? დღეს, „ვალენსიას” ყველაზე ცუდი თვისება ის არის, რომ მენტალიტეტი არ უვარგა”.

შემდეგ კი „საუბრების” ამ ულუფაში პრეზიდენტმა ისევ ფინანსურ თემებზე გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ გუნდი კი ჰყავს, მაგრამ ფული არ აქვს და ამიტომ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, სხვა გზა არ არის.

კიდევ მურთიმ თქვა, რომ მწვრთნელები ფულს თავიანთ ქეიფზე ხარჯავენ, სპორტულ დირექტორებს კი ორწლიანი კონტრაქტები აქვთ და მწვრთნელებს უჯერებენ. რა ენაღლებათ, ეს ფული მათი ხომ არ არის. მურთის ნათქვამიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლუბს მომავალში სპორტული დირექტორი აღარ ეყოლება.

„ისინი სამსახურს ყოველთვის შოულობენ. საფეხბურთო სამყაროში ხალხი სულ პროფესიონალებზე ლაპარაკობს, მე კი ვამბობ, რომ ეს დირექტორები სულაც არ არიან ჭკვიანი ადამიანები. მათ მხოლოდ სხვისი ფულის ხარჯვა ეხერხებათ, თავიანთ ფულს კი ბაკებში ინახავენ.

მე მათ ვეუბნები, 40 მილიონს რომ ხარჯავ, მომიყვანე ისეთი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგა რომ მომაგებინონ. ამას ვერც ერთი დირექტორი და ვერც ერთი მწვრთნელი ვერ ახერხებს. იცით სად აკეთებენ ამას? გერმანიაში”.