No description available.საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის.

პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან.

მომდევნო ოთხეული კი პლეი-ოფის სტადიაში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება. კერძოდ,  „ოიონაქსი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნევერი“ საკუთარ მოედანზე „კარკასონს“ მიიღებს.

ახლა კი ამ გუნდებში მოასპარეზე ქართველების შესახებაც ვთქვათ. რეგულარული ჩემპიონატის მომგები „მონ-დემარსანის“ ერთადერთმა ქართველმა, ახალგაზრდა ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა გუნდში დამკვიდრება შეძლო და 20 მატჩიც ჩაატარა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ადგილზე გასულ „ბაიონში“  3 ჩვენებური თამაშობდა. ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე გუნდის ლიდერთაგანია და მან 19 ჩატარებულ მატჩში 1 ლელოც მიითვალა, თუმცა არცთუ დისციპლინირებული გახლდათ – თითოჯერ ყვითელი და წითელი ბარათი მიიღო. ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა ჭელიძემ 10 მატჩი ჩაატარა (1 სინბინი), მისმა თანატოლმა მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ კი ერთადერთხელ ითამაშა, თუმცა სულ ახლახან კლუბმა მასთან თანამშრომლობა 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

No description available.მესამეადგილოსან „ოიონაქსში“ ორი ჩვენებური ბურჯია. ვეტერანმა ირაკლი მირცხულავამ 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო ბექა კაკაბაძემ – 11. ამ უკანასკნელმა კლუბთან განშორება გადაწყვიტა და მომავალი სეზონიდან სხვა გუნდში ითამაშებს.

მე-4 ადგილზე გასული „ნევერის“ შემადგებლობაში ასევე ორი ქართველი ბურჯია: თორნიკე მატარაძე (24 მატჩი, 1 სინბინი) და გია ხარაიშვილი (10 მატჩი, 1 სინბინი). სხვათა შორის, ხარაიშვილმა სეზონი ტოპ 14-ის „რასინგ-92“-ში დაიწყო და „ნევერში“ იჯარით გადავიდა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ კვლავ პარიზულ გრანდს შეუერთდება.

მე-5 ადგილზე „კარკასონი“ გავიდა და მის შემადგენლობაში სამმა ახალგაზრდა ქართველმა იასპარეზა: უნივერსალმა პირველხაზელმა ნუგზარ სომხიშვილმა 2 მატჩი ჩაატარა, ბურჯმა ლუკა პეტრიაშვილმა – 1, ხოლო მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა 3-ჯერ ითამაშა, თუმცა იო ამ კლუბში იჯარით იმყოფებოდა და ამჟამად ნიჭიერი ახალგაზრდა თავის „ბაიონს“ დაუბრუნდა.

მეექვსეზე გასულ „კოლომიეში“ კი ერთადერთი ჩვენებურია – ვეტერანი ბურჯი ბექა შეყლაშვილი, ვინც 14 შეხვედრაში ერთი ლელო მიითვალა.

No description available.უიღბლოებშიც არაერთი ქართველი თამაშობდა: ბოლოადგილოსან „ნარბონში“ 20 წლის ალექსანდრე ბურდულმა 2 ჩატარებულ მატჩში 1 ლელოს გატანა მოასწრო, ხოლო ვახტანგ ჯინჭარაძემ „გრენობლში“ გამართული 2 მატჩის შემდეგ აუტსაიდერს შეუერთდა და 3 შეხვედრაშიც მიიღო მანაწილეობა.

„ნარბონის“ დარად, მომავალ სეზონს ქვედა, ნასიონალ ლიგაში „ბრესანიც“ გაატარებს, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბურჯი ვაჟა კაპანაძე გახლდათ. მან 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელოც მიითვალა. მის გარდა ამ გუნდში ზაურ თევდორაშვილიც იყო, ვინც 8 მატჩში 1 ლელო გაიტანა.

პლეი-ოფს დავუბრუნდეთ და მისი პირველი ეტაპი უკვე მომავალ კვირაში გაიმართება. 19 მაისს „ნევერი“ „კარკასონს“ გაეჯიბრება, ხოლო მეორე დღეს „ოიონაქსი“ – „კოლომიეს“.