„ბაბუაწვერას ღვინო“ წაგიკითხავთ? ბავშვობის სურნელით გაჟღენთილი რომანია. ყლაპავ სტრიქონებს და, მართალია იქ აღწერილი ამბებიდან ერთიც არ გადაგხდენია, ხვდები, რომ შენზეა. გენიოსის დაწერილია, რეი ბრედბერის.
იგივე ხდება „ამარკორდს“ რომ უყურებ. სად მუსოლინის დროინდელი იტალია და სად შენი ბავშვობა, მაგრამ… მისჩერებიხარ ეკრანს და ხედავ, რომ ზუსტად ის არის. იმიტომ, რომ ესეც გენიოსის გადაღებულია, ფედერიკო ფელინის.
მარკ ტვენის ტომ სოიერზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ.
— ტომ!
პასუხი არ არის.
— ტომ!
პასუხი არ არის.
— რა დაემართა ნეტავ ამ ბიჭს? ტომ!…
აუ, როგორ მიყვარდა ბეკი ტეთჩერი და როგორ მეშინოდა ინდიელი ჯოსი, განსაკუთრებით ბოლოს, ლაბირინთში.
საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში კიდევ იყვნენ გენიოსები, რომელმაც ბრედბერის, ფელინისა და მარკ ტვენის მსგავსად სიყრმე გამიფერადეს. გენიოსები, რომელთაც ცოცხლად ვხედავდი, რომლებიც ხელის გაწვდენაზე მყავდა. გენიოსები, რომლებიც…

…მე და გიას, ჩემს ძმაკაცსა და კლასელს, ყოველი საერთაშორისო თამაშის დღეს, გაკვეთილების შემდეგ, მასთან შევლა და გიტარაზე დაკვრა კარგად გვქონდა დაცდილი. მეათეში ვიყავით, აბიტურიენტები. მე სმენა არ მაქვს, ვერ ვუკრავდი, გია კი აუცილებლად დაამღერებდა ხოლმე ნაკლებად ცნობილ ქართულ სიმღერას მორის ფოცხიშვილის ლექსზე: „ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის…“
გია გიტარას ჩქარა აჟღარუნებდა. მერე, მე სახლში მოვდიოდი და ახლანდელი ცაბაძის, მაშინდელი ტელმანის ქუჩაზე მილიციის კორდონი მხვდებოდა. მილიციელებს ვეუბნებოდი, რომ სახლში მივდიოდი და მიშვებდნენ. ანკი, რატომ უნდა შეჰპაროდათ ეჭვი, გაკვეთილების დასრულების დრო იყო და სახლსაც ვუთითებდი, აი, იქ ვცხოვრობ, მეთქი. თუ სწორედ მახსოვს, ერთადერთხელ მაწვალეს, ნაღდად სტადიონზე გინდა შეპარვაო, მაგრამ მაინც გამიშვეს. ბილეთი სკოლაში ცხადია არ დამქონდა. შინ ვტოვებდი. და რატომაც სულ მზიანი დარი იყო.
საღამოს კი, ჩემი ბავშვობის გენიოსები მოედანზე გადიოდნენ და იგებდნენ. ვინ იცის, ბევრ მიზეზთან ერთად იმიტომაც რომ დღისით გია სეტერზე მღეროდა…
იმ სეზონში, თასების თასზე, გიამ ცხრაჯერ იმღერა.
პირველად როდის, იცით? 1980 წლის 17 სექტემბერს, როდესაც პოლონეთის ქალაქ გდანსკის პორტში გაფიცვებმა შედეგი გამოიღო და საქვეყნოდ ცნობილი პროფკავშირი „სოლიდარობა“ დაფუძნდა. მაგრამ, მაშინ ჩემთვის ეს ამბავი მაინცა და მაინც მნიშვნელოვანი არ იყო. ლეხ ვალენსას შესახებ რასაკვირველია მსმენოდა, ჩემი მშობლები სულ „ამერიკის ხმას“ უსმენდნენ, მაგრამ იმ დღეს ჩემი ბავშვობის გენიოსებმა საბერძნეთში „კასტორიასთან“ 0:0 ითამაშეს და… ბოდიში, „სოლიდარობავ“!
მეორედ, გიამ 1 ოქტომბერს იმღერა, როდესაც ლონდონში „ასოშიეთიდ ნიუსპეიპარსმა“ გამოაცხადა, რომ დაიხურა გაზეთი „ივნინგ ნიუსი“ და ის „ივნინგ სტანდარტს“ შეუერთდა. აუფ, როგორ არ მადარდებდა ეს ამბავი. საერთოდ, ახლა გავიგე. ანდა, რა დროს „ივნინგ ნიუსი“ იყო, როდესაც იმ დღეს თბილისში „კასტორია“ ჩაამოვიდა, 0:2 წააგო და წავიდა. მე, რასაკვირველია სტადიონზე ვიყავი.
შემდეგი თამაში კი იყო 22 ოქტომბერს, როდესაც ლონდონში, „თომპსონ კორპორეიშენმა“ განაცხადა, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, 1788 წლიდან გამომავალ „თაიმზს“ დავხურავო. ჩემი ბავშვობის ფერმწერებმა ირლანდიაში „უოტერფორდს“ 5:0 მოუგეს. „თაიმზი“ არა, ის.
5 ნოემბერს, ეს „უოტერფორდი“ თბილისში ჩამოვიდა. ალბათ, თეთრი სეტერის ამბავი არ იცოდა, თორემ რა ჩამოიყვანდა. მიიღო კიდეც 4:0. და იმ დღეს, — თუმცა მთლად იმ დღეს არა; უფრო მაშინ, როდესაც ატლანტის ოკეანის გადაღმა 4 ნოემბერი იდგა, — აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ოვალური კაბინეტი რონალდ რეიგანმა დაიკავა. წითელ იმპერიის მეკუბოვე ცეხში შევიდა!
შემდეგ იყო 1981 წლის 4 მარტი. ჩემი ბავშვობის პოეტებმა ლონდონში „ვესტ ჰემს“ 4:1 მოუგეს. იმ დღეს მსოფლიოში ყურადსაღები არაფერი მომხდარა. ამაზე მნიშვნელოვანი რაღა უნდა მომხდარიყო.
18 მარტი. მართალია, „ვესტ ჰემმა“ თბილისში 1:0 მოგვიგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. არც მსოფლიოში მომხდარა რამე.
8 აპრილს „ფეიენოორდი“ ჩამოვიდა: 3:0! მსოფლიო კვლავ დუმდა.
22 აპრილს „ფეიენოორდმა“ ფეხბურთითა და თაღლითი მსაჯით სცადა ჩემი ბავშვობის დასამარება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა — 2:0 არ ეყო. მსოფლიო ისევ დუმილით დასცქეროდა ამ ამბავს.
და აი, ბოლოს მოახლოვდა 13 მაისი.
მე და გიამ გიტარაზე დაკვრა აღარ ვიკმარეთ. გია სამხატვრო აკადემიაში აბარებდა და რამდენიმე დღით ადრე ჩემთან, სახლში, მამაჩემის პერანგის ჩამონაჭერზე დიდი თასების თასი დახატა. მაგრა გამოუვიდა. პლაკატი აქეთ-იქიდან ტარზე მივამაგრეთ და 8 მაისს, „დნეპრთან“ შეხვედრაზე წავიღეთ. ეს იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო მატჩი დიუსელდორფში გამგზავრების წინ. ჩვენებმა 4:0 მოიგეს, მე და გიას კი ვიღაც „ვზროსლებმა“ (მაშინ ასე ვეძახდით) პლაკატი გამოგვართვეს და დაიფიცეს, თასს რომ ავიღებთ, აი, აქ, ამ ადგილას მოგიტანთო — ჩრდილოეთის ტაბლოსთან, რამდენიმე რიგით დაბლა.
ხანდახან, ახლაც ავდივარ ხოლმე იმ ადგილას. ვიცი, რომ არ მომიტანენ, მაგრამ…
და 13 მაისს, ჩემი ბავშვობის გენიოსებმა „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგეს.
იმ დღეს, მეჰმეთ ალი აგჯამ რომის პაპის იოანე პავლე მეორის მოკვლა სცადა.
არაფერი გამოუვიდა.
გაზეთი „სარბიელი“. 13.05.2021