Ten Hag celebrates his third league title and final home game as Ajax boss in style.ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს” ერედივიზიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და დაემშვიდობა. ამსტერდამის სახელოვანმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 მოუგო „ჰეერენვენს”.

„მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელს ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებოდა, რათა „ეინდჰოვენისთვის” მიუწვდომელი გამხდარიყო. ახლა, ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე „აიაქსს” მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს და საქმე დამთავრებულია. ერედივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს პირველი ორი გუნდი იღებს.

მატჩის 38-ე წუთზე ამსტერდამელები უკვე 3:0-ს იგებდნენ. ამ მომენტისთვის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა იგრძნო, რომ ჩემპიონატს ბეჭედი უკვე დასმული ჰქონდა და ზეიმი მოაწყო — დანარჩენმა შეხვედრამ მაშხალების კვამლში ჩაიარა.

„აიაქსი” 36-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა თქვა:

„დამთავრდა დიდებული მოგზაურობა. ეს ჩემთვის მშვენიერი ეპოქა იყო. ჩვენ საუცხოო შედეგებს მივაღწიეთ და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშეთ”.

52 წლის მწვრთნელი ყველა ფეხბურთელს გულში იკრავდა. შემდეგ, მან „იოჰან კრუიფის არენის” ოთხივე კუთხე მოიარა, გულშემატკივარს დაემშვიდობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიალში.

ზემოთ სამგზის ჩემპიონობა ვახსენეთ. ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსმა” ორჯერ ეროვნული თასიც მოიგო და საბოლოოდ, ხუთ წელიწადში ხუთი ტიტულით დატოვა ჰოლანდიის დედაქალაქი.