მთელი საფეხბურთო სამყარო იმაზე ზრუნავს, როგორ გახადოს კიდევ უფრო პოპულარული ფეხბურთი… ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიიზიდონ მაყურებელი სტადიონზე, რომელიც ფეხბურთს უხდება და ალამაზებს… რასაც საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო მატჩებიც ამტკიცებს –მაყურებელმა იმატა და თამაშებს სხვა ელფერი მიეცა.
იმედი გვქონდა, რომ ეს ყველაფერი სისტემატური გახდებოდა, თუმც ასე არ ფიქრობს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ხელმძღვანელობა, რომელმაც გულშემატკივარი ფეხებზე დაიკიდა და ისეთი აბსურდული განცხადება გაავრცელა, თავიდან დაჯერებაც კი გაგვიჭირდა:
„საბურთალოსა და ბათუმის დინამოს მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის საბურთალოსა და ბათუმის ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით“, – წერია განცხადებაში.
ტექსტში მხოლოდ ერთი პატარა სიმართლეა – ბოლო დროს რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, მაგრამ ამის აღმოსაფხვრელად არსებობს უსაფრთხოების სამსახური, სტიუარდები, პოლიცია…
„საბურთალო“ კი პირდაპირ ამბობს, რომ საშინაო მატჩის ორგანიზების შნო არ აქვს.
ასევე გაუგებარია მაყურებლის მხოლოდ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით დაშვება. კლუბი თავად არჩევს სტადიონზე ვინ უნდა მივიდეს?
ხომ არ ჯობდა ტექსტშივე ჩაემატებინათ რომ გულშემატკივრები თუ სმოკინგებში არ იქნებიან გამოწყობილნი, არ დაუშვებენ?
თავად „საბურთალო“ რომ გულშემატკივრის ნაკლებობას განიცდის ვიცით. მათ მატჩებზე ისედაც თითზე ჩამოსათვლელი გულშემატკივრი დადის, მაგრამ რა დააშავეს ბათუმელმა და რუსთაველმა ქომაგებმა?
„საბურთალოს“ ხომ არ დაავიწყდა, რომ გუნდი ასევე ევროტურნირებზე იღებს მონაწილეობას? ასეთი განცხადებით უნდა დახვდნენ ევროპულ გუნდებს? ჩვენ აქ უსაფრთხოებას ვერ ვიცავთ და გულშემატკივრები არ ჩამოიყვანოთო?
ფეხბურთი რომ მაყურებლის არის, დაგავიწყდათ?
სადმე მომხდარა, რომ გულშემატკივრები ხსენებული მიზეზით სტადიონზე არ დაუშვიათ?
ჯერ კიდევ გაქვთ დრო გააღოთ სტადიონის ჭიშკარი…
„საბურთალო“ – „ბათუმი“ ხვალ, 12 მაისს არის დაგეგმილი.