„ბეტისმა” „ვალენსიას” სტუმრად მოუგო 3:0. ეს იყო იმ ორი გუნდის შეხვედრა, რომელთაც 23 აპრილს ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალში ითამაშეს და 0:0-ის შემდეგ შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა: თასი „ბეტისმა” აღმართა. მანვე გაიმარჯვა გუშინდელ შეხვედრაშიც, მაგრამ თამაშის სურათი სხვა იყო: ჩანდა, რომ სტუმრებს მოგება უნდოდათ, ხოლო „ვალენსიასთვის” მოგებას და წაგებას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
დავაზუსტოთ: სევილიელებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უნდათ გამოსვლა და ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან, „ღამურებს” კი ეს თამაში აღარაფერს აძლევდა. გარდა ამისა, არც სინამდვილეს უნდა ავარიდოთ თვალი — სტუმრები მასპინძლებს სჯობიან. ნიშანდობლივია: იმ გუნდებს, რომლებიც სადღეისოდ ლა ლიგის ექვსეულში შედიან, მიმდინარე სეზონში „ვალენსიამ” ერთხელაც ვერ მოუგო.
ჩვენთვის, რასაკვირველია ყველაფერზე მნიშვნელოვანი 21 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში იყო. როდესაც გუნდი 3:0-ს აგებს, ალბათ შეუძლებელია თქვა, რომ ეს მათი მეკარის ვარსკვლავური მატჩი იყო, მაგრამ გიორგიზე განსაკუთრებული საყვედურიც ვერსად წავიკითხეთ. ყველა ესპანური წყარო მამარდაშვილის შეფასებისას წერს, რომ პირველ ტაიმში მანსერხიო კანალესს საჯარიმოდან რთული ბურთი აუღო, გოლების აღწერისას კი ან საერთოდ არ ასახელებენ, ან უბრალოდ ახსენებენ. ვთქვათ ასე: 57-ე წუთზე ვილიამ ხოსემ ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო.
87-ე წუთზე, კანალესის დარტყმულს ქართველმა ხელი მიაწვდინა, მაგრამ ვერ მოიგერია. ამ ეპიზოდში, ისევე, როგორც 90-ე წუთზე, როდესაც „ვალენსიას” ბორხა იგლესიასმა გაუტანა, მასპინძლების დაცვამ საშინლად ითამაშა.
ამ შეხვედრაზე ლაპარაკისას ყველა გამოცემა აღნიშნავს, რომ „ჩეების” თავკაცმა ხოსე ბორდალასმა მეორე ტაიმში 17 წლის ფეხბურთელი ხესუს სანტიაგო, იგივე იელუ შეიყვანა, რაც მიმდინარე ჩემპიონატში ქულების მოსახვეჭად ბრძოლაზე მეტად მომავლისთვის მზადებას ჰგავს.