კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს უთხრა, რომ თუ ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მასთან მუშაობას ისურვებს, „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება. არადა, მანკუნიანელებმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს. ესე იგი, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონი პორტუგალიელის გარეშე ჩაივლის, მაგრამ ის ამის გამო კლუბიდან გაქცევას არ ცდილობს და სურს კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო წელიწადიც „ოლდ ტრეფორდზე” გაატაროს.
„იუნაიტედისა” და რონალდუს ქომაგებს ეშინოდათ, რომ ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრების გარეშე 37 წლის თავდამსხმელი მათთან დარჩენას არ ისურვებდა, თუმცა კულუარებიდან სხვანაირი ხმა გამოვიდა:
„კრიშტიანუმ ბიჭებს უთხრა, რომ სანამ კლუბი არ ეტყვის საჭირო აღარ ხარო, ის მანჩესტერში იქნება. სეზონის ჩავარდნას რონალდუზე მეტად არავინ განიცდის. მას უნდა „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთს დაუბრუნოს და რაიმე ტიტულიც მოაგებინოს. ოღონდ, მან ისიც თქვა, რომ თუ ახალი მწვრთნელი გუნდის მომავალს მის გარეშე ხედავს, ის ამას გულთან ახლოს არ მიიტანს და წავა; არ იტყვის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება ინანა”, — თქვა კლუბის მავანმა წევრმა.
„იუნაიტედის” ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მაგალითად ენტონი ელანგას რონალდუს დარჩენა ძალიან სურს. ისინი ამბობენ, რომ პორტუგალიელისგან ბევრს სწავლობენ.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. მის ცხოვრებაში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ კრიშტიანუმ თავისი ვაჟი, კრიშტიანუ ჟუნიორი „მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიაში მიიყვანა და ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ქალაქის და ზოგადად ინგლისის დატოვება არ უნდა, ესეც არის.
ცოტა ხნის წინ რონალდუს და მის თანამეცხედრეს ხეორხინა როდრიგესს ტყუპი გაუჩნდათ. საუბედუროდ, ბიჭი მშობიარობის დროს დაიღუპა, გოგონა კი ცოცხალია და კარგად არის. ახლა ოჯახს სტაბილურობა სჭირდება, სადმე უნდა დამკვიდრდეს. ხეორხინასთვის კი ინგლისი უცხო არ არის, სანამ მადრიდში რონალდუს გაიცნობდა, ის იქ გადიად მუშაობდა.
რაც შეეხება ტენ ჰაგს, მისი მანჩესტერში გადაბარგების საქმე ცოტა დაბრკოლდა, რადგან ფრედ რუტენი, რომელიც 2009-12 წლებში „ეინდჰოვენში” მისი ასისტენტი იყო, „ოლდ ტრეფორდზე” არ წაჰყვა, რუუდ ვან ნისტელროისთან იმავე „ეინდჰოვენში” მუშაობა მირჩევნიაო. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ოჯახი გახლდათ.
„მე შვილიშვილები მყავს და მათი ხშირად ნახვა მინდა. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი სეზონის დასაწყისში მატარებელში რომ ახვალ, იქიდან ვეღარ ჩამოხვალ”, — თქვა 59 წლის რუტენმა.