როგორი გუნდი იქნება გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” მომავალ სეზონში? ამის შესახებ ესპანურ, კერძოდ ვალენსიურ პრესაში ბევრი იწერება და ვინაიდან ეს ქართველი მეკარის კარიერისთვისაც მნიშვნელოვანია, შევეცდებით ზოგიერთი მოსაზრება გაგაცნოთ.
წერენ, რომ დრო აღარ ითმენს, კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და მისმა კომპანიამ „მერიტონმა” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს რაც შეიძლება მალე უნდა შეუქმნას პირობები, რათა „ღამურებსა” და ლა ლიგის საუკეთესო გუნდებს შორის სხვაობა არ გაიზარდოს მაინც.
ისევ ბორდალასი იქნება „ვალენსიას” მწვრთნელი მომდევნო სეზონში? კონტრაქტის თანახმად თუ ვიმსჯელებთ, დიახ! ალიკანტელ სპეციალისტს ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს, მაგრამ მას და კლუბის პატრონებს შორის არსებული აზრთა სხვაობა ბოლოხანს საჯარო გახდა.
გასულ ზაფხულს ბორდალასმა „ვალენსიასთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ოღონდ წინამორბედის ხავი გარსიას შემთხვევა გაითვალისწინა და დოკუმენტში ჩააწერინა პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს თანამშრომლობის გაწყვეტის შემთხვევაში თანხა ექნებათ გადასახდელი. მწვრთნელი „ვალენსიაში” უკვე ერთი წელიწადია რაც მუშაობს და წესით დირექტორატს უნდა ჰქონდეს მკაფიო შეხედულება კიდევ აწყობს მასთან თანამშრომლობა თუ აღარ.
სანამ დირექტორატი ჩუმად არის, ბორდალასი, როგორც პროფესიონალი, მომავალზე ფიქრობს. მან უკვე მისცა ასისტენტებს დავალება ახალი სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით და ამაში გასაკვირი არაფერია: ლა ლიგა 2022-23 წლების სეზონს ადრე, 12 აგვისტოს იწყებს. მიზეზი ის არის, რომ ნოემბერ-დეკემბერში პირველობა მსოფლიოს ჩემპიონატის გამო უნდა შეწყდეს.
ხოსე ბორდალასმა პარასკევს, პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩემს მომავალზე იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბთან კიდევ ერთი წლით მაქვს კონტრაქტი და ვფიქრობ, შემდეგ სეზონში ისევ „ვალენსიას” ვედგები სათავეში. ადრეც მითქვამს, ბევრი რამ გამოსწორებას საჭიროებს. მესმის, იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს ჩვენი კლუბი იმყოფება, ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა მოგვიწევს. ამის შესახებ დირექტორატმა უკვე მითხრა, მაგრამ კლუბისთვისაც გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ „ვალენსიას” შესაფერისი ახალი მოთამაშეები გვჭირდება. კონკრეტულ გვარ-სახელებზე ჯერ არ გვილაპარაკია. ამაზე მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ.
ბიჭები მოედანზე სულს და გულს დებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ გვჭირდება რაღაც”.
კლუბს ბორდალასის თაობაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ბილბაოში, „სან მამესზე”, ტრიბუნებიდან წამოსული შეურაცხყოფის ნიაღვრისა და მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ბასკი ჟურნალისტების უტაქტო ქცევის შემდეგ „ვალენსიას” ინტერნეტ გვერდებზე ეწერა: „პატივისცემა დონ ხოსე ბორდალასს” (შაბათსვე, თამაშის შემდეგ) და „პატივისცემა ზრდილობას” (კვირას, შუადღისას).