ქართველმა ლეგიონერებმა სარაგბო ევროთასების მეოთხედფინალური სტადია ძალზე ნაყოფიერად ჩაატარეს და ეს უმთავრესად ქართული და აწ უკვე ევროპული რაგბის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის დავით ნინიაშვილს ეხება.
15-ნომრიანი ღვინისფერი კვართის მფლობელი ჭაბუკი თავის „ლიონში“ განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს – 11 ნომრად, ანუ გარემარბად. ჰოდა, კლუბის მწვრთნელი, ცნობილი ფრანგი სპეციალისტი პიერ მინიონი აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი მიგნებით, რადგან ჯერაც ნორჩმა ქართველმა მის გუნდში ადგილი უკვე დაიმკვიდრა და უფრო მეტიც, გასულ უქმეებზე ისე გაიბრწყინა, რომ „ლიონი“ ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში გაიყვანა.
ევროთასების ჩამტარებელი ორგანიზაციის, EPCR-ს ოფიციალურ საიტზე „ლიონისა“ და შოტლანდიური „გლაზგო უორიორზის“ მეოთხედფინალის მიმოხილვა სწორედ ასე, მარტივად და კონკრეტულადაა დასათაურებული: „ნინიაშვილის დუბლმა „ლიონს“ „გლაზგო“ დაამარცხებინა“.
ეს სრული სიმართლეა, რადგან 61-ე წუთამდე ფრანგული კლუბი 20:27 მარცხდებოდა, საბოლოოდ კი, 35:27 იმარჯვა და ხსენებულ 61-ეზე დავით ნინიაშვილი თანაგუნდელ შუამარბს სწრაფ გარღვევაზე გაყვა, დროული პასი მიიღო და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. 75-ეზე კი ახალგაზრდა ქართველმა სქოთთა დაცვა თავისი გუნდის ხანგრძლივი შტურმის შედეგად გაჭრა და მატჩის ბედი სწორედ მანდ გადაწყდა.
დათომ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ლიონის მეორე ბორჯღალოსანი ბექა საღინაძე ასევე სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეიცვალა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბექა გიგაშვილი კი თავისი „ტულონის“ შემადგენლობაში 32-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისმა თანაამპლუელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. „ჰოდა, ტულონელებმა ქულების დაგროვება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს და საბოლოოდ, მეტად დრამატულ ბრძოლაში, ინგლისური „ლონდონ აირიში“ 19:18 დაამარცხეს.
ორივე „ქართული“ გუნდი ნახევარფინალში გავიდა, რომელიც დამდეგ უიქ-ენდზე შედგება. „ლიონი“ მშობლიურ „მატმუტ სთედიუმ დე ჟერლანზე“ ინგლისურ კლუბს, ლონდონის „უოსპსს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტულონი“ ასევე საკუთარ არენაზე, „სტად ფელიქს მაიოლზე“ კიდევ ერთ ლონდონურ გრანდს – მკვდრეთით აღმდგარ „სარასენსს“ მიიღებს.
ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალებში კი ერთადერთმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა. გელა აფრასიძე 55-ე წუთზე გამოჩნდა თავისი „მონპელიეს“ რიგებში, მაგამ ტოპ 14-ის ლიდერს „ლა როშელთან გასვლით მატჩში ვერც ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა უშველა – „ლა როშელმა“ 31:19 იმარჯვა.
თუმცა, შესაძლოა ქართველებმა ამ ტურნირის ნახევარფინალში მაინც ითამაშონ, რადგან კვირას ლანსის „სტად ბოლარ-დელელისზე“ პარიზის „რასინგ-92“ უმასპინძლებს ხსნებულ „ლა როშელს“ და როგორც ცნობილია, პირველის ღირსებას გურამ გოგიჩაშვილი იცავს, ხოლო მეორეში გურამ პაპიძე თამაშობს. ორივეს მიკროტრავმა აქვს და იმედია, 15 მაისამდე ორივე მოასწრებს მწყობრში ჩადგომას.
მეორე ნახევარფინალი კი დუბლინის დიდებულ „ავივა სთედიუმზე“ გაიმართება, სადაც მრისხანე ირლანდიური „ლენსტერი“ ევროპის მოქმედ გვირგვინოსანს, ფრანგულ „ტულუზს“ მიიებს.
ლექსო ბურდულის ლელო
ორიოდე სიტყვას პრო დ2-ის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურსაც შევაწევთ. აქაც ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: აწ უკვე გავარდნილ „ნარბონში“ პროფესიული დებიუტი 19 წლის მესამეხაზელ ლექსო ბურდულს ჰქონდა, რომელმაც ფრანგული პრესა აალაპარაკა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ მოედანზე „მონტობანთან“ გასვლითი შეხვედრის უკვე მე-19 წუთზე შემოაბიჯა, როცა ძირითად 8 ნომერს თამაშიდან გარკვეული დროით ტვინის შერყევის პროტოკოლის გამო მოუხდა. 46-ეზე კი ბურდული სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა და ისე ითამაშა, თითქოს არა თინეიჯერი დებიუტანტი ყოფილიყო, არამედ გამოცდილი და საკმაოდ დაოსტატებული 8 ნომერი. ლექსომ დაცვაშიც იშრომა უმაღლეს დონეზე და გაწითლებულ დროში ჩინებული ლელოც დადო.
„ნარბონმა“ საბოლოოდ მაინც წააგო – 40:48, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლექსო ბურდულის წყალობით ამ გუნდმა 5-წლიანი ნავსი გატეხა – 2017 წლის მერე პირველად დადო 6 ლელო და ასევე პირველად დააგროვა 40 ქულა ერთ მატჩში. ასეა თუ ისე, აფსუსი იქნება, თუ ბურდული „ნარბონს“ ნასიონალ ლიგაში ჩაყვება…