Brighton midfielder Caicedo reacts after scoring against Manchester Unitedბრუნო ფერნანდეშმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ამ კლუბში თამაშის ღირსები არ ვართო — შაბათს მანკუნიანელებმა ბრაიტონში 0:4 წააგეს.

თავგადაკლული გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ქვეყნის სამხრეთში გაჰყვნენ, თამაშის ბოლოს მღეროდნენ „თქვენ არ ხართ მზად ამ მაისურის ჩასაცმელად” (you’re not fit to wear the shirt). პორტუგალიელს ამ მინამღერის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ვეთანხმები. ჩემი ჩათვლით ასეა. ის, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ… ის, რაც მე დღეს გავაკეთე, „იუნაიტედის” მაისურის ტარების უფლებას არ გვაძლევს. კრიტიკას სრულიად ვეთანხმები.
ანგარიში… ისეთია როგორიც არის. ცუდია, ძალიან ცუდი. მათ ჩვენ გვაჯობეს. მათ ნებისმიერ მომენტში ჰქონდათ გაგრძელება. უკეთ გვაწვებოდნენ და ასეთ გამარჯვებას იმსახურებდნენ”.

კითხვაზე, მაინც რა არ გამოუვიდა „მანჩესტერ იუნაიტედს”, ფერნანდეშმა უპასუხა:

„საერთოდ არაფერი. ხარისხი. მენტალიტეტი. მეტოქე ამ გამარჯვებას იმსახურებდა, ჩვენ კი ვიმსახურებდით იქ ყოფნას, სადაც ვართ. იმას, რაც შეგვემთხვა თვალი უნდა გავუსწოროთ და შეგვრცხვეს. ასე თამაში არ გვეკადრება. ჩვენ გაცილებით უკეთ უნდა ვთამაშობდეთ.

მომავალზე ლაპარაკი არ მინდა. ჯერ კიდევ გვაქვს ერთი თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ.

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბს მომავლის შესახებ ბევრჯერ ველაპარაკე. მწამს, „მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი მომავალი აქვს, თუმცა ბევრი რამ გამოსასწორებელია. ამ სეზონში ეს კარგად გამოჩნდა”.

მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრა „მანჩესტერს” 22 მაისს ლონდონში, „კრისტალ პალასთან” აქვს.