No description available.პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ახალი ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალშექმნილ ისტორიაში პირველი გამარჯვებულის გრაფაში გენიალური ნიკო ფიროსმანის შედევრის სახელწოდება ჩაიწერა. „შავმა ლომმა“ ლისაბონში ადგილობრივი „ლუზიტანუში“ 17:14 დაამარცხა და საკმაოდ ლამაზი თასი დაისაკუთრა.

როგორც წინასამატჩო მიმოხილვაში მოგახსენებდით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდად ჩაფიქრებულმა „ლუზიტანუშმა“ სუპერთასის ჯგუფური ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა – ექვსივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო ესპანელ, ბელგიელ და ნიდერლანდელ კონკურენტებს და სწორედ ამ 100%-იანი მაჩვენებლის წყალობით დაიბევა ფინალური მატჩის მასპინძლობა, თუ, რა თქმა უნდა, „ლუზიტანუში“ ფინალში გასვლას მოახერხებდა. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ფინალს ხომ სწორედ ის გუნდი უმასპინძლებდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგს დააფიქსირებდა და ვინაიდან მეორე ფინალისტმა „შავმა ლომმა“ ერთხელ „ავჭალაზე“ რუსულ „ლოკომოტივ-პენზასთან“ წაგება „მოახერხა“, ცხადი გახდა, რომ 7 მაისს, სუპერთასის გადამწყვეტ მატჩს ლისაბონი უმასპინძლებდა.

კიდევ კარგი, რომ თამაში მართლაც პორტუგალიაში გაიმართა და არა წვიმისგან გათანგულ თბილისში, თორემ ქართული გუნდის მხრიდან გაცილებით მეტი შეცდომის მომსწრენი გავხდებოდით. საბედნიეროდ, ბურთის ხშირი დაკარგვის მიუხედავად, „შავმა ლომმა“ თავისი ფიზიკური უპირატესობა სრულად გამოიყენა და გამარჯვებაც დიდწილად სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.

საკუთრივ თამაში კარგი სასეირო მხოლოდ ეპიზოდურად იყო, საწყისი 10 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, თუმცა მოვლენები დუნედ ვითარდებოდა, სახიფათო შეტევა ერთხელ გამოუვიდათ პორტუგალიელებს, ქართველებმა კი პირველივე ნამდვილი იერიში შედეგიანად დაასრულეს.

მე-11 წუთზე შალვა მამუკაშვილის მოწოდებული დერეფანი ჩვენმა მაღლებმა მოიგეს, მძლავრი მოლი ააგორეს, რომელიც მასპიძლებმა კი ჩაგვიქციეს ზედ ლელოს ხაზთან, მაგრამ თამაში გაგრძელდა და ლუკა ივანიშვილმა რაქიდან ბურთი ისე მოიპარა, ისე შეიჭრა ლელოში და ბურთი ისე დაამიწა, მხოლოდ მან და მსაჯმა თუ დაინახეს. მშვენიერი ლელო, გიორგი ბაბუნაშვილის უნაკლო გარდასახვა და „შავი ლომი“ 7:0 დაწინაურდა.

პორტუგალიელები არ გატყდნენ და მე-18 წუთზე, ქართველთა შეცდომის შემდეგ, გარემარბმა პინტუმ საპასუხო ლელო დაგვიდო, თანაც საკმაოდ ეფექტური. გარდასახვა არ შედგა და ლიდერობაც შევინარჩნეთ, მაგრამ ამ რეალიზაციის გამფუჭებელმა გედეშმა 27-ეზე ჯარიმა გაგვიტანა და თავისი გუნდი 8:7 დააწინაურა. ლიდერობის დაბრუნება პირველივე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ რამდენიმე კარგი შეტვის დაგვირგვინებისას ვერ ვივარგეთ და თანაც ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა კარგი პოზიციიდან ააცილა. ჰოდა, შესვენებაზე ერთქულიანი ჩამორჩენით გავედით – 7:8.

უნდა ითქვას, რომ ქართველთა ფიზიკური სიმძლავრე თვალშისაცემი იყო – ჩვენმა ბიჭებმა ყველა შერკინება იოლად მოიგეს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ირლანდიელმა რეფერიმ პორტუგალიელ პირველხაზელებს განუცხადა, მომდევნო დაჯარიმებაზე სანქციებს მივმართავო.

ჰოდა, ეს მომენტი 48-ე წუთზე დადგა, როცა არბიტრმა მარჯვენა ბურჯი და კოშტა 10 წუთით მინდვრიდან მიაბრძანა. თუმცა, მანამდე გედეშმა კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოასწრო და „ლუზიტანუში უკვე 11:7 იგებდა.

No description available.თუმცა, კაცნაკლულმა მასპინძლებმა ქართველებს სულ რამდენიმე წუთი გაუძლეს და „შავი ლომის“ მასირებული შტურმი 9 ნომრის, თენგიზ პერანიძის ლამაზმა ლელომ დააგვირგვინა – ახალგაზრდა ნახევარმცველმა რაქიდან ბურთი აიტაცა, მეტოქე დაიქნია, მარცხნივ გაუშვა და თვითონ მარჯვნივ გაიჭრა, ლელოში შევიდა და ბურთიც ძელთან დადო. გიო ბაბუნაშვილმა გარდასახა და წინ უკვე ჩვენი გუნდი გავიდა – 14:11.

ათიოდე წუთში ბაბუნაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ქართველთა უპირატესობამ უკვე 6 ქულას მიაღწია – 17:11.

და აი, ამის მერე დატრიალდა დრამა – ნიკა პერტაიამ წესები უხეშად დაარღვია და რეფერიმ ჩვენი ბურჯი ყვითელი ბარათით დასაჯა. ეს 66-ე წუთზე მოხდა და ამ გარემოებამ მაქსიმალურად დაძაბა ვითარება.

ჯერ იყო და, გედეშმა პერტაიას ჯარიმის ადგილიდან ზუსტად დაარტყა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა (14:17),  რის შემდეგაც კაცნაკლულმა ქართველებმა შეუტიეს და ბაბუნაშვილს რომ ეყოჩაღა, ანგარიში სულ სხვა იქნებოდა. გიორგიმ ჯერ არეკნი ააცილა, შემდეგ კი იოლი საჯარიო დარტყმა, თორემ „შავი ლომი“ დასკვნით წუთებს გაცილებით მშვიდად წარმართავდა. მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და რამდენიმე წუთში მერაბ შარიქაძემ, „შავი ლომისა“ და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „ევროპის რაგბის“ სუპერთასი აღმართა, რომელსაც თავსახური თურმე არ ეხსნებოდა და ბიჭებმა მასში სიმბოლური შამპანურის ჩასხმა ვერ მოახერხეს. ეგ არაფერი, უკეთესი სასმისის მოძებნა წესით არ უნდა გასჭირვებოდათ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მადლობას ვუხდით „შავი ლომის“ ყველა წევრს და ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბს ამ სიხარულისთვის.

„შავ ლომს“ გაუმარჯოს!