თუ პოლ პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მის გადაბირებას არც მეტი-არც ნაკლები „მანჩესტერ სიტი” შეეცდება. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად „სიტის” მოქიშპე, თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს და ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანის ყველაზე აქტიური მსურველები „პარი სენ ჟერმენი” და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” იყვნენ, მაგრამ „სანმა” შეიტყო, რომ „ეტიჰედიდან” ფერნანდინიო მიდის და „ქალაქელებს” მისი შემცვლელი სჭირდებათ, პოგბაზე უკეთესს კი ვის ნახავენ.
პოგბა იმავე სააგენტოს კლიენტია, რომლისაც „დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი. ამბობენ, რომ ჰოლანდი სეზონის დასრულების შემდეგ უეჭველად „სიტის” ფეხბურთელი გახდება. მანჩესტერულმა კლუბმა ხსენებულ სააგენტოს (რომელსაც გასულ კვირაში გარდაცვლილი მინო რაიოლა ხელმძღვანელობდა) სთხოვა ფრანგი ნახევარმცველის ამბავიც რეგულარულად შეატყობინოს.
პოგბა ახალ კლუბს სავარაუდოდ იმავე ხელფასს მოსთხოვს, რომელსაც „იუნაიტედში” იღებს — ლაპარაკია კვირაში 165 000 გირვანქაზე. გარდა ამისა, ცხადია უნდა იყოს პრემიებიც, თან ძალიან მსუყე.