შაბათს, ლისაბონში, ქათული რაგბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. 18 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიური ფრენჩაიზი „ლუზიტანუში“ და ქართული ფრენჩაიზივე „შავი ლომი“ შეერკინებიან.

No description available.თუკი ჩვენი გუნდი საგანგებოდ ამ ტურნირისთვის შარშან შეიქმნა, პორტუგალიური ფრენჩაიზის ჩამოყალიბება რამდენადმე ადრე მოხდა. 2013 წელს ევროპის ჩელენჯ კაპისთვის საგანგებოდ დაარსებული „ლუზიტანუში“ ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპში ჩაება და ვინაიდან ექვსივე მატჩი უსახელოდ წააგო, 8 წლით დასვენებამ მოუწია. 2013-2014 წლების ჩელენჯ კაპზე „ლუზიტანუშმა“ 2-2 მარცხი ფრანგული „სტად ფრანსესგან“, ინგლისური „ლონდონ აირიშისა“ და იტალიური „კალვიზანოსგან“ იწვნია, თან ყველა – სოლიდური სხვაობით – 11-დან 76 ქულამდე ინტერვალში. ცხადია, ასეთი ფიასკოს მერე მსგავსი დონის გუნდს არც მიიწვევდნენ ევროტურნირზე.

და ასე გაგრძელდა 2021-მდე, ვიდრე „რაგბი ევროპა“ ახალ ტურნირს ჩაუყრიდა საფუძველს. სუპერთასზე კი პორტუგალიური ფრენჩაიზის მეტოქეები ესპანეთიდან, ბელგიასა და ნიდერლანდებიდან იყვნენ, ყველა მათგანს „ლუზიტანუშმა“ იოლად აჯობა შინაც და გარეთაც, ნახევარფინალში ტურნირიდან მოხსნილი „ენისეის“ ნაცვლად დაშვებული „თელ ავივ ჰითიც“ მათ გზას გაუყენა და 7 მაისს კი ტურნირის დაწყებამდე მისი მოგების მთავარ პრეტენდენტად შერაცხულ „შავ ლომს“ დაუპრისპირდება.

ქართულმა ფრენჩაიზმა თავის ისტორიაში სულ 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. ჯგუფურ ეტაპზე გამართული 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და ერთი შინ „ლოკომოტივ-პენზასთან“ დათმო, მერე მოხსნილ „ენისეისთან“ გადადებულ მატჩში უთამაშებელი გამარჯვება მიითვალა, ნახევარფინალში კი დასავლეთის კონფერენციის მეორეადგილოსანს, ესპანურ „იბერიანსს“ ერთობ არასტაბილური თამაშის ფონზე სძლია.

პარალელურად „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატშიც ჩაება. კერძოდ – ქარის თასის პირველი დივიზიონის გათამაშებაში, სადაც ორი მატჩის გამართვა მოასწრო და ორივე მოიგო – ზიმბაბვეს „გოსჰოქსსა“ და ადგილობრივ „ელეფანთსთან“.

No description available.საინტერესოა, რომ ორივე გუნდის ბირთვს ეროვნული ნაკრების წევრები შეადგენენ და ისიც უნდა ითქვას, რომ თუკი საქათველოს ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეობა უკვე გაინაღდა, პორტუგალიას იგივე პატივის მისაღებად რეპეშაჟის, ანუ საკონტინენტთაშორისო სანუგეშო ტურნირის მოგება მართებს. ანუ შაბათის მატჩი მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარ მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

თუმცა, არანაკლები მნიშვნელობის მატჩი ზაფხულში ბორჯღალოსნებსაც ელით – ივლისში ბათუმში იტალიის ნაკრები ჩამოვა და აი, იქ უნდა ვაჩვენოთ, რისი მაქნისები ვართ…

მოკლედ, ორივე მხარე მოტივირებულია, „შავი ლომი“ თამაშს საუკეთესო შემადგენლობით ხვდება. ერთადერთი მეორეხაზელი დავით გიგაური თუ გააძლიერებდა ამ გუნდს, თუმცა მან ტრავმა ტურნირის დასაწყისშივე მიიღო და მწყობრში ჯერაც ვერ ჩამდგარა. სამაგიეროდ, მესამე ხაზში უგამოცდილესი ბორჯღალოსანი კოკი თხილაიშვილი „შავ ლომში“ თავის სადებიუტო მატჩს გამართავს და პორტუგალიელების მსგავსი სწრაფი მეტოქეების შესაკავებლად მისი უდიდესი გამოცდილება ქართულ გუნდს უთუოდ გამოადგება.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „ლუზიტანუშთან“ მატჩში

1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.