კვარაობა

May be an image of 2 people, people playing football, people standing and outdoors„დინამომ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ვერც ამჯერად მოუგო. უკვე მეექვსე დაპირისპირებაა თბილისელები ზღვისპირელების დამარცხებას ვერ ახერხებენ.

არ იყო ცუდი თამაში. ორივე კართან შეიქმნა მომენტები. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ცოტ-ცოტა ხვიჩა კვარაცხელიამაც ჩაატარა თავისებურები. მაგრამ გოლები არ გასულა.

„დინამო არენაზე“ დაახლოებით 20 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. ასეთი რამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ამ სტადიონზე კარგა ხანია აღარ ყოფილა. უმეტესობა, ცხადია კვარაცხელიას საცქერად მივიდა. ანუ, ჩვენს ჩემპიონატში გაჩნდა ფეხბურთელი, „რომელზედაც დადიან სტადიონზე.“ თამაშის ბოლოსაც ხვიჩას გამო გადაცვივდა ახალგაზრდების ჯგუფი მინდორზე. თუმცა ასეთი ეპიზოდები ნამდვილად არ ალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს.

დილას ხეირი

ტიტულის კიდევ ერთმა კანდიდატმა, „დილამ,“  ბოლო სამ შეხვედრაში პირველად მოიგო. მოიგო უმთავარმწვრთნელოდ დარჩენილ „ტორპედოსთან.“ საინტერესოა, რომ ქუთაისელთა მწვრთნელის თანაშემწე შოთა ბაბუნაშვილი, წინა ტურში „დინამოსთან“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დისკვალიფიცირებულია და „ტორპედო“ მინდორზე გუნდის ანალიტიკოსმა, თორნიკე შეყრილაძემ გაიყვანა…

სიხარულიძე

„საბურთალომ“ „ტრადიცია დაარღვია“ და „ლიდერების რისხვას,“ „გაგრას“ 3:0 მოუგო. გაგრელებმა ხომ წინა ტურებში მიჯრით ჯერ „დინამო“ დაამარცხეს, შემდეგ „დილა.“ პირველ წრეში კი „საბურთალოსაც“ სძლიეს.

მასპინძელთაგან დუბლი მიითვალა ირაკლი სიხარულიძემ. ეს მისი მესამე ორგოლა გახლავთ მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს ბათუმელ ჯოვინო ფლამარიონს, რომელმაც ეს ტური ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

კახური არომატი

კარგი დროება დაუდგა „თელავს.“ კახელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს. ამ ორივეში 7 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. ტურის კიდევ ერთი დუბლი მათმა 25 წლის მცველმა, ანტონ თოლორდავამ შეასრულა. წინა ტურში კი ორჯერ მეტოქის კარის დალაშქვრა იმედა აშორტიამ მოახერხა.

დინამო 0:0 ბათუმი

დილა 2:0 ტორპედო

1:0 გონსალვესი (10), 2:0 მაქაცარია (90+4)

საბურთალო 3:0 გაგრა

1:0 სიხარულიძე (59), 2:0 გულიაშვილი (75), 3:0 სიხარულიძე (85)

თელავი 2:0 სიონი

1:0, 2:0 თოლორდავა (9 პენ, 45+1)

ლოკომოტივი 0:2 სამგურალი

0:1 კალანდარიშვილი (39), 0:2 რუხაძე (54 პენ)

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 8, ირაკლი ბიძინაშვილი (ბათუმი) – 5, დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), ვაგნერ გონსალვესი (დილა), მათე ვაწაძე (გაგრა) – 4