დიეგო მარადონას მაისურა აუქციონზე გაიყიდა. თან სარეკორდო ფასად – 7,14 მილიონ გირვანქად. ამდენი არცერთი ფეხბურთელის მაისურში არ გადაუხდიათ. ეს ის მაისურაა, რომლითაც დიეგომ ინგლისს ორი გოლი გაუტანა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
არგენტინამ 2:1 მოიგო… გოლები შეგახსენოთ? საჭიროა? მაინც, ვინც არ იცის: პირველი „ღმერთის ხელით“, მეორე კი ნახევარი ინგლისის მოტყუების შემდეგ. ის მაისური ინგლისის ნაკრების მაშინდელ ნახევარმცველ სტივ ჰოჯს ჰქონდა, რომელმაც სტადიონის გვირაბში მოახერხა დიეგოსთვის მაისურის გამორთმევა. აუქციონის დროს მაისურის ფასი ორჯერ გაიზარდა.