მარტში, როდესაც რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ „ჩელსის” ყიდის, დასძინა, ერთი პენის მოგებაც არ მინდა, ლონდონის კლუბი ჩემთვის ბიზნესი კი არა, გატაცება იყოო. მაისში რუსმა ოლიგარქმა პოზიცია შეცვალა. ახლა ის „ჩელსისთვის” ვალად მიცემულ 1,6 მილიარდი გირვანქის დაბრუნებას ითხოვს.
აბრამოვიჩის გუნებ-განწყობის ასეთმა ცვლილებამ ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო საგონებელში ჩააგდო. თუ მილიარდერი პირვანდელ პოზიციაზე არ დაბრუნდება, კლუბი ვეღარ გაიყიდება და მისი 117 წლიანი ისტორია შეიძლება დასრულდეს.
ითქვა, რომ აბრამოვიჩის ვალი კლუბის მფლობელმა კომპანიამ „ფორდსტამმა” ჯერსიზე რეგისტრირებულ Camberley International Investment-ს უნდა ჩაურიცხოს, როგორც გაყიდვის შემოსავლის ნაწილი. ლა მანშის კუნძულზე რეგისტრირებული ამ კომპანიის საბუთებში რუსი ოლიგარქი არსად ფიგურირებს, მაგრამ საყოველთაო აზრით მის უკან სწორედ ის დგას. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ იმას, რომ „ჩელსის” გაყიდვით მიღებული თანხის დიდი ნაწილი ასეთი გზით საბოლოოდ რუსულ ბანკებში ჩაირიცხება.
ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო არ აპირებს ხელი შეუწყოს რუსეთს ფულის ეშმაკური ხერხებით მიღებაში. მოგეხსენებათ, მას მერე, რაც ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩს სანქციები დაადო.
რომან აბრამოვიჩი 19 წლის განმავლობაში პატრონობდა „ჩელსის”. მან კლუბი უდიდეს წარმატებებამდე მიიყვანა, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში ამის გამო მისთვის თუნდაც მისივე ფულის დაბრუნებას და რუსეთში გატანებას არ აპირებენ.
„ჩელსის” ოპერირების ლიცენზიას ვადა 31 მაისამდე აქვს. ამის შემდეგ კლუბს შეიძლება არსებობის პრობლემა დაუდგეს.