„ვალენსიას” უგო დუროს 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის დრო ეწურება, ორი კვირაღა დარჩა, მადრიდელმა თავდამსხმელმა კი ამასობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა — ლა ლიგაში მეშვიდე, ხოლო სულ მეათე. ამბობენ, რომ „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კლუბის დირექტორებს აჩქარებს — დუროსნაირი ფორვარდის ხელში 4 მილიონად ჩაგდება სახეირო საქმეა. ბევრი კლუბი აქამდეც არ მიიყვანდა საქმეს. დურო „ხეტაფეს” აღზრდილი და მისი საკუთრებაა.
ფეხბურთელის გარემოცვა კი მშვიდად არის. დურო „ვალენსიაში” დაოსტატდა და მისი ყიდვით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
plazadeportiva აქვეყნებს ანალიზს, სადაც ტრანსფერმარკეტზე დაყრდნობით შეისწავლეს ის ფეხბურთელები, რომელთაც ამ მომენტისთვის ევროპის ხუთ უძლიერეს ლიგაში 7 გოლი გაიტანეს. აღმოჩნდა, რომ დუროზე იაფი მხოლოდ სამი თავდამსხმელია.
მოთამაშეების შედარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად, ერთია 22 წლის ახალგაზრდა (დურო სწორედ ამ ასაკისა გახლავთ), 35 წლის მამაკაცი კი მეორე; სხვადასხვანაირად ფასდება კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ქვეყნის თასის ფინალში გატანილი გოლები — ითვალისწინებენ შეხვედრების დაძაბულობას, მომენტის მნიშვნელოვნებას და ა.შ.
სადღეისოდ, ლა ლიგაში 7 გოლი ხუთ ფეხბურთელს აქვს გატანილი. მათგან, დუროზე იაფი მარტო „ელჩეს” პერე მილა ღირს. მისი ფასი 3 მილიონი ევროა, მაგრამ ასაკი — 29 წელი. დანარჩენები არიან „სელტას” სანტი მინა (15 მილიონი), „ელჩეს” ლუკას ბოიე (15 მილიონი), „გრანადას” ლიუს სუარესი (10 მილიონი) და „ოსასუნას” ანტე ბუდიმირი (6 მილიონი).
პრემიერლიგა, რასაკვირველია, უფრო ძვირია: „ჩელსის” კაი ჰავერცს ფასად 70 მილიონი ევრო ადევს, „ევერტონის” რიშარლისონს კი 50 მილიონი. „საუთჰემპტონის” ჩე ადამსი მნიშვნელოვნად იაფია, 20 მილიონი ღირს, „ბრაიტონის” ლეანდრო ტროსარდი 17 მილიონი, „ლიდს იუნაიტედის” ჯეკ ჰარისონი 15 მილიონი, ხოლო „ბარნლის” მაქსველ კორნეტი 14 მილიონი.
რა პრემიერლიგა და რა ბუნდესლიგა. 26 წლის ლეროი სანეს ფასი, რომელიც „ბაიერნში” თამაშობს 70 მილიონი ევროა. იგივე ღირს 18 წლის ლევერკუზენელი ფლორიან ვირცი. 25 მილიონად იყიდებიან „ბაიერნის” ცნობილი ვეტერანი თომას მიულერი და ბოხუმელი იულიან ბრანდტი. შვიდგოლიანებს შორის ყველაზე იაფი გახლავთ 26 წლის კოლუმბიელი რაფაელ სანტოს ბორე „აინტრახტიდან”. მისი ფასი 12 მილიონი ევროა.
Seria A-ს შვიდგოლიანებიდან კი ყველაზე ძვირი „ინტერის” ჰაქან კალჰანოღლუ გახლავთ — 35 მილიონი ევრო, ხოლო ყველაზე იაფი 35 წლის ანტონიო კანდრევა, რომელიც მსურველს 2,5 მილიონად შეუძლია შეიძინოს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში 7 გოლი ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი. მათგან ყველაზე ძვირია „ლანსის” სეკო ფოფანა — 20 მილიონი, ხოლო ყველაზე იაფი „კლერმონის” კოსოვოელი გარემარბი ელბასან რაშანი — 1,8 მილიონი.
უგო დურო „მესტალიაზე” უყვართ. „ლევანტესთან” შეხვედრაში ტრიბუნები მას უმღეროდნენ დარჩიო, მაგრამ კლუბისგან ჯერჯერობით არაფერი ისმის.