No description available.მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის, საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორად ორი ტური დარჩა და თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება ამ ტურნირის შედეგების კონტურები. გასულ უქმეებზე გამართულ 7 მატჩში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენს ინტერესს ტოპ 14-ისადმი.

ცხრილის სათავეში 24-ე ტურის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა და ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა ფაქტობრივად შეუძლებელიც კი გვეჩვენება. 69 ქულით ლიდერი კვლავაც „მონპელიეა“, არადა ამ გუნდმა ლიონში გამანადგურებელი მარცხი იწვნია. „ლიონის“ სასტარტოში მისი ორივე ბორჯღალოსანი იყო: ბექა საღინაძემ 62-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო დავით ნინიაშვილი ასევე 62-ეზე შეცვალეს, მაგრამ 73-ე წუთზე მინდორზე დააბრუნეს. „ლიონმა“ 43:16, ბონუსით მოიგო, 64 ქულა დააგროვა და მე-5, საპლეიოფო ადგილზე დაფუძნდა.

„მონპელიეს“ კვალში 67-ქულიანი „ბორდო“ უდგას, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ტულონს“ ვერაფერი დაუპირისპირა და 16:29 წააგო. ბორდოელებს შორის 64-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, ხოლო ბექა გიგაშვილი „ტულონის“ სასტარტოში იყო და 67 წუთი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ტულონური კლუბი 59 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა სანუკვარ ექვსეულში მოხვედრის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

„ბორდოს“ დარად 67 ქულა „კასტრსაც“ აქვს, რომელმაც აწ უკვე 100%-ით პრო დ2-ში გავარდნილ „ბიარიცს“ ბასკეთშივე დიდი ანგარიშით მოუგო – 48:13. ორივე გუნდის მარქაფაში ჯამში 3 ქართველი ბურჯი იყო: მასპინძელთა რიგებში 65-ე წუთზე უჩა ჭეიშვილი და ვახტანგ ახობაძე გამოჩნდნენ, ხოლო 4 წუთში შეცვლაზე კასტრელი ლევან ჩილაჩავაც შევიდა. „ბიარიცს“ 24 ქულა დარჩა და ამ წაგების შემდეგ ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც დაეკარგა.

მეოთხე ადგილზე 66 ქულით „რასინგ-92“ დაფუძნდა, რომელმაც ასევე ბასკეთში და ასევე ბონუსით იმარჯვა – პარიზელებმა „პოს“ 42:21 სძლიეს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ბექა გორგაძე იყო, რომელიც 76-ე წუთზეღა დაასვენეს, ხოლო დედაქალაქელთა სასტარტო მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი გახლდათ, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ითამაშა. „პოს“ 50 ქულა დარჩა, თან სატურნირო ამოცანები აღარ აქვს – ვერც პლეი-ოფში გავა და აღარც გავარდება.

No description available.მეექვსე-მეშვიდე პოზიციებს ჩემპიონი „ტულუზი“ და ვიცე-ჩემპიონი „ლა როშელი“ 62-62 ქულით ინაწილებენ. ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსი 57-ქულიან „კლერმონსაც“ დარჩა, რომელმაც ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 29:26 აჯობა. ორივე ჩვენებურს თამაშში ჩართვა ორ-ორჯერ მოუხდა: კაკოვინი მოედანზე 32-ე წუთზე ტრავმირებული პარტნიორის ნაცვლად შევიდა, მაგრამ ეს უკანასკნელი 3 წუთში მწყობრში ჩადგა, 51-ეზე კი ვასო უკვე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. რაც შეეხება მელიქიძეს, გიორგი თამაშში ჯერ 21-ეზე ჩაერთო და 33-ემდე ითამაშა, შემდეგ კი 62-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და ბოლომდეც იასპარეზა. „სტად ფრანსემ“ სანუგეშო ბინუსის წყალობით 50 ქულა დააგროვა და „პოს“ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, მე-13 ადგილზე გასული გუნდი პრო დ2-ის პლეი-ოფის დამარცხებულ ფინალისტთან ტოპ 14-ში ადგილისთვის იბრძოლებს და აი, აქ კი სიტუაცია ფინიშზე უკიდურესად დაიძაბა: „პერპინიანმა“ უშუალო კონკურენტ „ბრივს“ უმასპინძლა, 27:10 მოუგო და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. ბრიველთა სასტარტოში ლუკა ჯაფარიძე და ვასილ ლობჟანიძე იყვნენ, პირველი 50-ე წუთზე სოსო ბეკოშვილმა შეცვალა, ხოლო 1 წუთის შემდეგ თამაშიდან ვასკაც გავიდა. ფინიში უკიდურესად დაძაბული იქნება: „პერპინიანი“ ჯერ „კასტრს“ სტუმრობს და მერე „ბორდოს“ მასპინძლობს, ხოლო „ბრივი“ ჯერ „ტულუზს“ მიიღებს და ფინიშზე უმოტივაციო „სტად ფრანსეს“ დედაქალაქში ეწვევა.  შესაძლოა, ამ ფაქტორმა სასწორის პინა სწორედ „ბრივისკენ“ გადახაროს.