დავიწყოთ ხოსე ბორდალასით. „ვალენსიასა” და „ლევანტეს” 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელს ჰკითხეს: გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი ჩინებული მატჩი ჩაატარა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი ევროა. ხომ არ იგეგმება ამ თანხის გაზრდა?

ბორდალასმა უპასუხა: წარმოდგენა არ მაქვს. კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები კლუბს ეხება; მათ შესახებ არაფერი ვიცი, ვერ დაგეხმარებით. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მამარდაშვილი შესანიშნავია, საუცხოოდ თამაშობს და ბევრ ახალ თვისებას იძენს. მწვრთნელები და თანაგუნდელები ეხმარებიან. ჩვენ გვიხარია. მისი თამაშით კმაყოფილები ვართ.

რაც შეეხება საკუთრივ მატჩის მიმოხილვას, განსაკუთრებული ყურადღება (მითუფრო ვალენსიურ მედიაში) მსაჯობამ მიიპყრო. ნერვიულ შეხვედრაში იყო რამდენიმე საკამათო მომენტი, რომელთა შორის უპირველეს ყოვლისა ხოსე ლუის გაიას გაძევება (VAR-ის ჩარევის შემდეგ) უნდა აღინიშნოს. ეს შესვენებამდე მოხდა. ამ დროისთვის ბორდალასის გუნდი უგო დუროს ჩინებული თავურით უკვე იგებდა 1:0-ს, თუმცა რიცხობრივმა უთანასწორობამ თამაშის ნირი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ გაიას გაძევების შემდეგ ტრიბუნაზე ვალენსიელმა ქომაგებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციაა.

შესვენების შემდეგ იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც „ლევანტეს” მოთამაშემ სონმა მეტოქის საჯარიმოში მსაჯის მოტყუების მიზნით აშკარად ითაღლითა და თეატრალურად წაიქცა, რისთვისაც ფეხბურთელები ჩვეულებრივ ყვითელი ბარათით ისჯებიან ხოლმე, ამ შემთხვევაში კი არბიტრმა გულმოწყალება გამოიჩინა. არადა, სონს ერთი ყვითელი უკვე ჰქონდა.

სამაგიეროდ, მსაჯმა არ დაინდო მამარდაშვილი, რომელსაც დროის გაყვანის მოტივით ყვითელი ბარათი ამოუღო. ეს გიორგისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გაფრთხილებაა. ქართველი მეკარე პირველად „მალიორკასთან” შეხვედრაში იმავე მსაჯმა, ხორხე ფიგეროა ვასკესმა გააფრთხილა.

superdepotre.es წერს: „გრანოტამ” („ლევანტეს” მეტსახელია) დუარტეს თავურით გაათანაბრა ანგარიში. სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ერთხელ ძელს გაარტყეს ბურთი, დანარჩენ შემთხვევებში კი დიდებული მამარდაშვილის შეუვალობას შეეჯახნენ. საბოლოოდ, გუნდებმა გაიყვეს ქულები, რომლებიც არც ერთს სჭირდება და არც მეორეს. „ვალენსია” ევროპის მიღმაა დარჩენილი, „ლევანტე” კი ცალი ფეხით და მეორის ნახევრით სეგუნდა დივიზიონშია გავარდნილი…

…ვალენსიურ დერბიში საუკეთესო ქართველი მეკარე იყო, უარესი კი მსაჯი”.