მას მისტერ ბრაზიანს ეძახიან. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული კაპიტნის როი კინის შემართებისა და ჟინის ნახვა ფეხბურთელობის დროს ხომ ერთ რამედ ღირდა და სატელევიზიო ექსპერტობის დროსაც ძალიან საინტერესოა.
მისი ხასიათის მქონე კაცს შეუძლებელია მუდამ რაღაც არ აღიზიანებდეს. მაგალითად, ღიმილი.
„ყოველთვის, როდესაც თამაშის წინ, მოთელვის დროს მოედანს ვუყურებ, მარკუს რეშფორდი იღიმება. არ მიყვარს მომღიმარი ფეხბურთელები. გოლს რომ გაიტან მერე უნდა გაიღიმო. ჯერ გააკეთე რამე და მერე იცინე. გააკეთე რაიმე ისეთი, თამაშს რომ დაეტყოს, მაყურებელი სკამიდან რომ წამოხტეს.
არადა, რეშფორდი ან იღიმება ან იცინის. რა დროს ეს არის, საომრად მიდიხარ. შენი მომავლისთვის იბრძვი. მოთელვის დროს ამდენი სიცილი? კარგი, რა”.
კიდევ რა აღიზიანებს ირლანდიელს? რა და, მატჩის შემდგომ მაისურების გაცვლა.
„ცხოვრებაში ერთადერთხელ ვთხოვე მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლა და ვინანე. ეს მოხდა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. გერმანიას ამხანაგური შეხვედრა მოვუგეთ. მატჩის შემდეგ, ის ფეხბურთელი გასახდელისკენ მიდიოდა. კაპიტანი იყო (მატიას ზამერი). წამოვეწიე და მაისურების გაცვლა შევთავაზე, მან კი უარი მითხრა. რასაკვირველია მივაძახე, რომ *** იყო და მას მერე ასეთი შეცდომა აღარ დამიშვია. მე მას მაისურა ზრდილობის გამო ვთხოვე, თორემ ისე თავში ვიხლიდი”.
ლივერპულში, „ენფილდზე” არის ასეთი ტრადიცია: მოედანზე გასვლის წინ ფეხბურთელები გვირაბში ფირნიშს ეხებიან. იქ აწერია ცნობილი ფრაზა: „ეს ენფილდია!” ამ საკითხზე ITV-ს სტუდიაში კინი და „არსენალის” ლეგენდა იან რაიტი ლაპარაკობდნენ. რაიტმა თქვა, რომ ისიც ჰკიდებდა ფირნიშს ხელს, ოღონდ ცდილობდა თანაგუნდელებს არ დაენახათ. კინმა ამას ბავშვობა უწოდა.
„ასეთი რამ რასაკვირველია არ გამიკეთებია. უაზრობაა. კი ბატონო, „ლივერპულის” ფეხბურთელებისთვის ეს შეიძლება ტრადიცია იყოს, მაგრამ მეტოქეებმა რატომ უნდა აკეთონ იგივე? არ მესმის რატომ უნდა მიედო ფირნიშისთვის ხელი რაიტის. მგონი სისულელე და ბავშვობაა”.
ახლა, საკუთარ გულშემატკივრებთან დამოკიდებულების შესახებ.
„სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები ფანტასტიკურები არიან. მე მათ მძიმე არტილერიას ვუწოდებ, მაგრამ შინ ორ ჭიქას გადაკრავენ, სენდვიჩს მიაყოლებენ და აზრზე არ არიან მოედანზე რა ხდება. ზოგი მათგანი სიტყვა ფეხბურთს ვერც კი დამარცვლავს, აღქმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია”, — ამბობს მანკუნიანელთა დიდი კაპიტანი.
ყველას ახსოვს კინისა და არსენალელი პატრიკ ვიეირას ჩხუბი გვირაბში, თამაშის წინ. აქედან დასკვნა: კინი ვერ იტანს, როდესაც მოწინააღმდეგეები მოედანზე გასვლის წინ ერთმანეთს ესალმებიან და ელაპარაკებიან.
„მძულს ასეთი ფეხბურთელები. კაცი ომში მიდის, ის კი დამდგარა, მტერს ეხვევა და ჰკოცნის. როდესაც საბრძოლველად გადიხარ, მოწინააღმდისკენ არც კი უნდა გაიხედო.
ფეხბურთი იმდენად არ შეცვლილა, რამდენადაც ფეხბურთელები შეიცვალნენ”.
როდესაც „ევროპის ჩემპიონატზე”, ინგლისისა და შოტლანდიის შეხვედრის (0:0) შემდეგ „ჩელსის” ბიჭებმა მეისონ მაუნტმა, ბენ ჩილუელმა და ბილი გილმორმა 20 წუთი ილაპარაკეს, კინმა მოთმინება დაკარგა.
„როგორ უნდა ელაპარაკო მოწინააღმდეგეს 20 წუთი? რაში მაინტერესებს შენი თანაგუნდელია თუ ვინ არის. მე საერთოდ, ხუთ წუთზე მეტხანს არავის ველაპარაკები”.
ამის გაგონებაზე, გადაცემის წამყვანმა ირლანდიელს ჰკითხა: „იმედია ეს თქვენს მეუღლეზე არ ვრცელდება”.
„ხუთ წუთზე მეტს მასაც ვერ ველაპარაკები”, — უპასუხა კინმა.
და რა მიხვედრა უნდა, რომ „იუნაიტედის” ყოფილ კაპიტანს ბრიტანული კლუბების ამერიკელი მეპატრონეებიც აღიზიანებს.
„ამ ბოლო დროს უცხოელი მეპატრონეები მომრავლდნენ. განსაკუთრებით ამერიკელები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი თავიანთი გუნდებისთვის ეძებენ მწვრთნელებს, რომელთაც კისერზე სასტვენი ჰკიდიათ, ხელში ბლოკნოტი უჭირავთ და ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები აქვთ”.
იცით, რამ გააბრაზა კინი, როდესაც „სანდერლენდის” მწვრთნელად მუშაობდა? მოედანზე გასვლის წინ მისი ერთ-ერთი ფეხბურთელი „აბბას” Dancing Queen-ს უკრავდა.
„სადაცაა მოედანზე უნდა გახვიდე და ხალხს მთელი სისწრაფით დაეტაკო. რა დროს F*** მოცეკვავე დედოფალია”.
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „სენტ ეტიენის” შეხვედრის დროს კი კინმა შეამჩნია, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი პოლ პოგბა გამუდმებით ტელეფონით წერდა რაღაცას. მერე გაირკვა, რომ თურმე ძმას ელაპარაკებოდა.
„ნახევარ საათში იმაზე მეტი ილაპარაკა თავის ძმასთან, ვიდრე მე ჩემს ძმებთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სისულელეა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთელები ასეთები არიან”.