Kevin De Bruyne headed the hosts ahead in a thrilling 4-3 Man City win over Real Madrid
ანგარიში კევინ დე ბრუინმა გახსნა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ასეთი უნდა: „მანჩესტერ სიტიმ” „რეალს” 4:3 მოუგო. ეს იყო ოსტატობით, სანახაობითა და დრამატიზმით სავსე შეხვედრა, რომელისაც წერტილი ქარიმ ბენზემას დარტყმულმა „პანენკამ” დაუსვა. იმის შეხსენებას, რომ „პანენკას”, ჩეხი ვეტერანის ანტონინ პანენკას პატივსაცემად პენალტის მის მიერ მოგონებულ დარტყმას უწოდებენ, ჩვენს მკითხველს არ ვაკადრებთ.

ფრანგი თავდამსხმელი კი ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. მან „ქალაქელებს” ორი გოლი გაუტანა და ორივე თვალში საცემი გახლდათ.

მასპინძლები 4:2-ს იგებდნენ, როდესაც რუბენ დიასს ბედმა ზურგი აქცია, მას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ჯერ თავში მოხვდა, შემდეგ კი აწეულ ხელში.

ბენზემა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ პენალტს არ აცილებს ის, ვინც არ არტყამს. როდესაც თერთმეტმეტრიანს ასრულებ, მთავარი საკუთარი თავის რწმენაა, მეტი არაფერი. მე კი საკუთარი თავის რწმენა არ მაკლია. ამიტომაც დავარტყი და ყველაფერი კარგად დამთავრდა”.

„რეალის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტი: „პენალტის ასეთი ხერხით დარტყმა ცოტა არ იყოს გამიკვირდა. თუმცა, ქარიმი ისეთი პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია თერთმეტმეტრიანი ლამაზად გაიტანოს”.

აქ, კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: ბენზემამ ბოლო ოთხი პენალტიდან სამი… ვერ გაიტანა. თან, ორი ერთ შეხვედრაში, „ოსასუნასთან”.

ახლა ქარიმ ბენზემას მიმდინარე სეზონში, „რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ყველა შეჯიბრებაში, 48 შეხვედრიდან 46 გოლი აქვს გატანილი.

მთლიანად თამაშზე კი ძალიან ლამაზად დაწერა ინგლისურმა გაზეთმა „სანმა”: „დახიეთ ტაქტიკის სახელმძღვანელოები, ჩამოხსენით დაფები და გადაყარეთ ლეპტოპები, რომლებიც  ანალიზისთვის გამზადებული მონაცემებით გაქვთ სავსე — უბრალოდ ასეთი ფეხბურთი გვაჩვენეთ, რაც შეიძლება ხშირად”.

„სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას ხშირად აბრალებენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპის შეხვედრებში ყველაფერი გათვლილი აქვს, უფრო მათემატიკას თამაშობს, ვიდრე ფეხბურთს. „რეალთან” პირველ შეხვედრას ეს, რასაკვირველია არ ეხება.

საინტერესოა, რომ კატალონიელ მწვრთნელს მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ორჯერ ჰქონდა მსგავსი, უხვგოლიანი თამაში: 2017 წელს 5:3 „მონაკოსთან” და 2019 წელს 4:3 „ტოტენჰემ ჰოთსპურთან”. „სიტიმ” საბოლოოდ ორივე დაპირისპირება წააგო.

წუხანდელ შეხვედრაში ანგარიში ბრწყინვალე კევინ დე ბრუინმა მე-2 წუთზე გახსნა. მე-11 წუთზე გაბრიელ ჟესუსმა სტუმრებს მეორე გაუტანა. 33-ე წუთზე ბენზემამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 53-ე წუთზე ფილ ფოდენმა 3:1 გახადა. 82-ე წუთზე კი დაინიშნა ის პენალტი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.