სამხრეთ აფრიკის მთავარ საკლუბო ტურნირში ქართული ფრენჩაიზის მორიგი მატჩი არ შედგა – „შავი ლომისა“ და ადგილობრივი „გრიფონსის“ შეხვედრა უბრალოდ გაუქმდა და ჯერაც არაფერი თქმულა, თუ როდის შედგება მატჩი ქარის თასზე აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ამ გუნდებს შორის.
სამაგიეროდ, ტურები გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. იქ საქმეში ჯამურად ერთბაშად 23 ქართველი ვიხილეთ. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, 23 კი არა – 22, რადგან „ლიონის“ განაცხადში მყოფი დავით ნინიაშვილი მარქაფაშივე დარჩა.
ამასობაში, ზოგიერთი სატურნირო შედეგი ორივე ლიგაში უკვე დამდგარია. ტოპ 14-ში გაირკვა, რომ – თორნიკე ჯალაღონიას, გიორგი ნუცუბიძის, უჩა ჭეიშვილის, ლუკა აზარიაშვილისა და ვახტანგ ახობაძის აუტსაიდერი „ბიარიცი“ იმდენად ჩამორჩა კონკურენტებს, რომ უკეთეს შემთხვევაში პრო დ2-ის წარმომადგენელთან ერთად ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში ჩაებმება, თუმცა ესეც მხოლოდ თეორიაა. მოკლედ, ბასკური კლუბი უნდა შეეგუოს, რომ მომავალ სეზონს ქვედა ლიგაში გაატარებს.
აი, პრო დ2-ის აუტსაიდერს, ვახტანგ ჯინჭარაძის „ნარბონს“ უკვე თეორიული შანსიც აღარ დარჩა, ნასიონალ ლიგაში გავარდნას როგორმე დააღწიოს თავი.
გავარდნის მეორე კანდიდატი „ბურგ-ან-ბრესია“, რომელმაც გასულ ტურში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა – გასვლით მატჩში „ბეზიეს“ 24:21 აჯობა. ამ გამარჯვებაში წილი მარცხენა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემაც შეიტანა, რომელმაც 56-ე წუთზე თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 26-ე მატჩში ასევე მეორე ლელო იყო, თანაც 22-ე წუთზე ვაჟა სეზონში პირველად დასაჯეს ყვითელი ბარათით.
„ბეზიესთან“ ლელო კი 27 წლის ქართველ პირველხაზელს მეტად ეფექტური გამოუვიდა: 56-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქე თავის ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს, „აიღე და მიეძალე“-ზე გადავიდნენ და ერთ მომენტში ზედ ხაზზე საოცარი ზედახორა შეიქმნა, როცა კაპანაძემ ორიგინალური დასასრული გამოიგონა – ბურთი აიტაცა და მოთამაშეთა კაი 8-კაციან გროვას ზურგით გადაახტა. ეს სვლა იმდენად მოულოდნელ იყო, რომ გაბითურებულმა მცველებმა ვაჟა ბურთის დამიწების მერეღა შებოჭეს. ამ გამარჯვებით ბრესანელებმა ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნეს.
ლიგის ლიდერ „მონ-დე-მარსანს“ კი რეგულარულის გარანტირებულად მოსაგებად 2 დარჩენილ ტურში 2 ქულის დაგროვებაღა სჭირდება.
ტოპ 14-ში რეგულარულის ფინიშამდე 3 ტური რჩება და გასულ ტურში ამ ლიგის ლიდერთა დაპირისპირება შედგა. „მონპელიემ“ „ბორდოს“ ქართველების გარეშე უმასპინძლა და დამარცხდა კიდეც – 22:23. სტუმართა შორის მოედანზე 32 წუთი ლექსო ყაულაშვილმა გაატარა.
აქტიურ ბირჯღალოსანთაგან ტურში ითამაშეს გიორგი მელიქიძემ, ბექა გორგაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, ვასილ ლობჟანიძემ, ვანო კარკაძემ, ბექა საღინაძემ და ბექა გიგაშვილმა. ზოგის გუნდმა მოიგო, ზოგმა – წააგო, შაბათ-კვირას კი ლიგას მორიგი, 24-ე ტური ელის.