ფეხბურთში, პენალტების სერიაში, ასაკი და სტატუსი გადამწყვეტი არ არის. რთული ამოცანისთვის თავის გასართმევად ფსიქოლოგიური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია: სითამამე, საკუთარი თავის რწმენა, ცივსისხლიანობა და სხვა. პენალტები ვარსკვლავებსაც გაუცუდებიათ. აშშ-ში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, თერთმეტი მეტრიდან მიზანს ვერ მიაღწიეს იტალიელებმა ფრანკო ბარეზიმ და რობერტო ბაჯომ. თასების მფლობელთა თასის 1980 წლის ფინალში, „არსენალთან”, ვალენსიელთაგან თვით მარიო კემპესმა ვერ შეაგდო, არადა ის თამაში „ღამურებმა” მოიგეს. 2001 წელს, „სან სიროზე”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იმავე ვალენსიელთაგან „ბაიერნის” მეკარეს ოლივერ კანს ყველაზე კარგი პენალტი 21 წლის იონ კარეუმ დაურტყა. თასი „ბაიერნმა” აღმართა.
ვამბობთ რა ამას პირველივე აბზაცში, მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ შაბათიდან კვირაზე ღამით, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში დანიშნული პენალტების სერიის დროს, „ბეტისსა” და „ვალენსიას” შორის ასაკში გასაოცარი სხვაობა იყო. ფეხბურთელების ორ დაპირისპირებულ ჯგუფს მთელი დეკადა, ერთი თაობა ჰყოფდა. მაშინ, როდესაც „ვერდიბლანკოსი” თავის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს დაეყრდნო, „ვალენსიამ” პენალტები სამ ლიდერს (გაიას, სოლერსა და გედეშს) და სერბეთისა და აშშ-ს ნაკრებების წევრებს, უროშ რაჩიჩსა და იუნუს მუსას დაარტყმევინა. თან, რაჩიჩსა და მუსას გუნდში განსაკუთრებული ავტორიტეტი არ აქვთ. მხარეთა საშუალო ასაკი კი ასეთი გახლდათ: „ბეტისი” — 32,6 წელი; „ვალენსია” — 23,3 წელი. ნამდვილად ძნელი გასახსენებელია სხვა ფინალი ორ გუნდს შორის ასეთი დიდი ასაკობრივი ასიმეტრიით.
სხვაობა კარიდან იწყებოდა. შეადარეთ 39 წლის კლაუდიო ბრავო 21 წლის გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ევროპულ ელიტაში პირველ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თერთმეტმეტრიანიც ვერ მოიგერია, ფინალში ვალენსიელთაგან საუკეთესო იყო.
„ბეტისის” ყველა პენალტისტი გამარჯვების დარტყმის შემსრულებლის მირანდას გარდა 30 წელზე უფროსი გახლდათ: ვილიან ხოსე (30), ყოფილი ვალენსიელის ხოაკინი (40), გუარდადო (35) და ტელო (30). „ვალენსიადან” კი ყველაზე ასაკოვანი იყო 26 წლის გაია, შემდეგ მოდიოდნენ 25 წლის გედეში და სოლერი, 24 წლის რაჩიჩი და 19 წლის მუსა.
მეკარეებისა და დამრტყმელების ასაკში ასეთი სხვაობა პენალტების სერიისთვის შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ კლუბების პროექტებს შორის სხვაობაზე ნამდვილად მიუთითებს. 2019 წლიდან „ვალენსიას” აქციათა უმეტესობას ფლობს შპს „მერიტონ ჰოლდინგი”, რომელიც ფსონს მთლიანად ახალგაზრდებზე ჩადის. ის არ ცდილობს შემადგენლობის ვეტერანებით დაბალანსებას, რაც აუცილებელია და სწორედ ამიტომ მიაჩნიათ გულშემატკივრებს პიტერ ლიმის მენეჯმენტი საეჭვოდ. ასეთმა მიდგომამ „ვალენსია” მიიყვანა იქამდე, რომ 2019 წლის შემდეგ (როდესაც ბოლოს მოიგო სამეფო თასი), გუნდი კვლავ გავიდა იმავე შეჯიბრების ფინალში და ითამაშა ისტორიაში — „ღამურები” თვრამეტჯერ იყვნენ ესპანეთის თასის ფინალში — ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით.
„მერიტონის მოდელი”, რომელსაც ინგლისურენოვან სამყაროში „ახალგაზრდული პოლიტიკის” სახელით იცნობენ, ფეხბურთისთვის უცხოა. ფეხბურთში ყოველთვის ცდილობენ გუნდი ვეტერანებითა და ახალგაზრდებით დააბალანსონ. სწორედ ეს ხდება „რეალში”, სადაც ჰყავთ დაუღალავი მოდრიჩი, ბენზემა და კროოსი; „ბარსელონაში”, სადაც არიან ობამეიანგი და ალვეში, ბუსკეტსი და ჟორდი ალბა, რომლებიც იმედისმომცემ ახალგაზრდებს (პედრი, გავი, ნიკო და სხვები) ელიტასთან შერწყმაში ეხმარებიან. იგივეა „ვილიარეალში”: ალბიოლი, პარეხო და კაპო.
კარბონის, ანგლომას, მილას თუ ჯუკიჩის დროს თავად „ვალენსიაც” ასეთი ბალანსის საუკეთესო მაგალითი იყო. ეს ფეხბურთელები „მესტალიზე” რომ მივიდნენ, უკვე 30 წელიწადს გადაცილებულები იყვნენ, მაგრამ 2002 და 2004 წლებში ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ვინსენტ ჩილეტი, superdeporte.es