„რეალ ბეტისმა” „ვალენსიას” პენალტებით მოუგო და ესპანეთის სამეფო თასს დაეუფლა. ქალაქ სევილიის გუნდმა ეს ჯილდო ისტორიაში მესამედ აღმართა — ფინალიც სევილიაში, ოღონდ „ლა კარტუხას” სტადიონზე ჩატარდა. მატჩის შემდეგ ბედნიერმა ვეტერანმა, 40 წლის ხოაკინმა ზეცისკენ აღმართა თასი. როგორც AS წერს, ეს სწორედ ის ზეცა იყო, რომელსაც იუნუს მუსამ „ღამურების” მეოთხე პენალტი დაუმიზნა. პრესტიჟული ესპანური გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებას „ველენსია” „ბეტისზე” ნაკლებ არ იმსახურებდა. „ღამურებს” რომ მოეგოთ, ეს მათთვის ეს მეცხრე ტრიუმფი იქნებოდა სამეფო თასზე. ახლა ხოსე ბორდალასის გუნდი თასისა და ევროტურნირების გარეშე დარჩა.
„ვალენსიას” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მიმოხილვის ბოლოს AS-მა დაწერა, რომ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. უგო დუროს შეეძლო მეტოქის კარში მეორე გოლი გაეტანა, მაგრამ ააცილა. შემდეგ კი ციტატას მოვიყვანთ: „…მაგრამ ბეტისმა გაიღვიძა და აქ მამარდაშვილის ფიგურა გიგანტური გახდა.
შეხვედრის მიწურულს ინიციატივა „ბეტისმა” მოიპოვა. ეს ის არის რაც გუნდის მწვრთნელს მანუელ პელეგრინის ასე ძალიან უყვარს და სევილიაში მისვლის დღიდან ითხოვს. მომენტები ჰქონდათ ბორხა იგლესიასს, ხუანმის ორჯერ (ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა), კანალესს, ფეკირსა და კვლავ ბორხას, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაუტანა ქართველს რომელმაც „ლა კარტუხაზე” თავისი გვარი უეჭველად ჩააწერინა რამდენიმე კლუბს”.
ანგარიში კი სევილიელებმა მე-11 წუთზე გახსნეს, როდესაც ბელერინმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბორხა იგლესიასმა ახლოდან, მაღალი ნახტომითა და მძლავრი თავურით გოლი გაიტანა. როგორც იგივე AS წერს, მამარდაშვილმა ქარის წისქვილივითღა მოახერხა ხელის გაქნევა.
30-ე წუთზე „ჩეებმა” კარგი კონტრშეტევით უგო დურო მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს და მანაც ტექნიკურად გადაუგდო ბურთი თავზე 39 წლის ჩილელ მეკარეს კლაუდიო ბრავოს, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გარდა „ბარსელონადან” და „მანჩესტერ სიტიდან” გვახსოვს.
„მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. სწორი მიდგომა გვქონდა. კარგად ვითამაშეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ფინალში 5-6 საგოლე მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვა. შეგვეძლო ანგარიში სხვა ყოფილიყო. გამარჯვებული ყოველთვის ბედნიერია, დამარცხებული კი სევდიანი. მე გული მტკივა ფეხბურთელებისა და ქომაგების მაგივრად. მათ დიდებული ატმოსფერო შექმნეს. ჩვენ გვინდოდა ფანებისთვის თასი მიგვეძღვნა”, — თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ ბორდალასმა.
ქვემოთ კი გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის მომენტებისა და „ვალენსიას” გოლისგან შექმნილ კოლაჟს.





