Giorgi Mamardashvili, un hallazgo inesperado en Tiflis - La Neta Neta
ალდერეტე, მამარდაშვილი და პაულისტა

დღეს, შუაღამისას ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალია: ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის გუნდი, „ბეტისი” და გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შეხვდება. „ბეტისს” ბურთის კონტროლი და ინიციატივა უყვარს, რასაც ხოსე ბორდალასი ალბათ პრესინგს, სისწრაფეს, ზონაში შეგდებულ პასებს, ბურთის მინიმალურად დაყოვნებასა და სიზუსტეს დაუპირისპირებს.

superdeports აზრით, დღევანდელი მეტოქე განსხვავდება იმ გუნდებისგან, რომელთაც „ღამურები” ბოლო პერიოდში შეხვდნენ. „კადისი”, „რაიო” და „ოსასუნა” ცდილობდნენ „ვალენსია” იძულებული გაეხადათ ბურთი გაეგორებინა, პოზიციურად შეეტია და ამით გონსალო გედეშის სწრაფი ჩხვლეტები გაენეიტრალებინათ. ამ თამაშების კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ ბოლო მატჩს „ვილიარეალთან”, რომელშიც „ჩეები” მოედანზე მეორე შემადგენლობით იყვნენ და იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რაც მოედანზე ხდებოდა, არამედ შაბათი და კლუბის ისტორიაში მეთვრამეტე თასის ფინალი უტრიალებდათ გონებაში.

ახლა, რაც შეეხება თამაშს, რომელსაც შეგვიძლია ბორდალასისთვის ჭკუის სასწავლებელი დავარქვათ. ეს გახლდათ პირველი წრის მატჩი სწორედ „ბეტისთან”, სტუმრად, „ბენიტო ვილიამარინზე”. იმ დღეს სევილიელებმა 4:1 მოიგეს („ვალენსიას” კარს ჯასპერ სილესენი იცავდა). მიმდინარე სეზონში ასე „ღამურები” სხვა მეტოქეს არ დაუჩაგრავს. მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიწოლის თამამი იდეა დამარცხდა და ბორდალასმა ნირი იცვალა. ნირის ცვლილებამ ნაყოფი შემდეგ შეხვედრაშივე გამოიღო. „მესტალიზე”, „ვილიარეალთან” გუნდმა უკვე სულ სხვა მიდგომა გამოამჟღავნა: სარისკო მოქმედებები მინიმუმამდე დაიყვანა და ამჯობინა თითოოროლა შესაძლებლობა შეექმნა, ოღონდ გამოეყენებინა. დამოკიდებულების შეცვლამ მოიტანა შვიდი წაუგებელი ტური.

შემდეგ იყო კიდევ ერთი წაფორხილება, რომელიც გაბრიელ პაულისტას ფუნქციის შეცვლასთან გახლდათ დაკავშირებული, ხოლო მას მერე, რაც „ღამურები” სამეფო თასის ფინალში გავიდნენ, ყოველი შეხვედრა ფინალის რეპეტიციად იქცა. ამ შეხვედრებში ბორდალასი უპირველეს ყოვლისა შეუვალი დაცვის დაყენებას ცდილობდა.

სწორედ გაბრიელ პაულისტა იქცა იმ დვრიტად, რომელსაც ვალენსიელთა დღევანდელი დაცვა ეყრდნობა, თუმცა ესპანელ-ბრაზილიელი „რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში დაშავდა და მას მერე „ჩეების” მთელი სამედიცინო პერსონალი ყველა რონეს ხმარობს რაც შეიძლება მალე რომ დააყენონ ფეხზე. თუ დღეს პაულისტა მოედანზე იქნება, ბორდალასს შეუძლია სამი ცენტრალური მცველი ათამაშოს: პაულისტა, დიაკაბი და ალდერეტე. ის, რომ „ღამურებმა” შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს, ამ დაცვის დიდი დამსახურება გახლდათ.

თუ პაულისტა ფინალში ვერ ითამაშებს, მაშინ გილიამონი ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში დაიხევს და წინ თავის ადგილს ილიაშ მორიბას დაუთმობს.

superdeporte-ს ვერსიით ბორდალასი კარში უეჭველად მამარდაშვილს დააყენებს, წინ კი ჩამოთვლილთა გარდა იქნებიან ფულკიე, გაია, სოლერი, ბრაიან ხილი, გედეში და უგო დურო.

მანუელ პელეგრინის თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება: კლაუდიო ბრავო, ბელერინი, პესელა, ბარტრა, ალექს მოერენო, გვიდო როდრიგესი, ვილიამ კარვალიუ, კანალესი, ხუანმი, ფეკირი და ბორხა იგლესიასი.