ხვალ სევილიაში, „ლა კარტუხაზე”, ესპანეთის სამეფო თასის ფინალია, „ბეტისი” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გახდება პირველი ვალენსიელი (მისი მშობლიური ქალაქი ალიკანტე ვალენსიას ავტონომიურ თემშია) ვინც გუნდს ამ ტიტულს მოაგებინებს. სულ „ჩეებს” ესპანეთის სამეფო თასი ცხრაჯერ აქვთ აღმართული.

კითხვაზე, არის თუ არა მისი მომავალი დამოკიდებული 23 აპრილის ფინალის შედეგზე, ბორდალასი პასუხობს: „ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ერთადერთი, რაც მინდა კლუბისთვის და მისი ფანებისთვის ტიტულის მოგებაა. ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ ერთი წელიწადია”.

ბორდალასის აზრით, მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” თამაშის შეფასება ფინალის შედეგზე არ არის დამოკიდებული: „ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე ელოდნენ. არავინ გვიყენებდა ამოცანად თასის ფინალში გასვლას. ფინალი საერთოდ არ იყო პრიორიტეტი. ჩვენგან უნდოდათ, წინა ორ წელიწადზე უკეთესი შედეგი გვქონოდა და სულ ეს იყო”.

2019-20 წლების სეზონში გუნდი მე-9 ადგილზე გავიდა, 2020-21 წლების სეზონში კი მე-13-ზე.

„ბეტისთან” გამარჯვების შემთხვევაში „ღამურები” ევროსარბიელზე დაბრუნდებიან. ლა ლიგიდან ევროთასებზე გასვლა რეალისტური აღარ ჩანს — სეზონის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე „ვალენსია” მე-10 ადგილზეა.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ „ლა ბორდალეტა” ევროპაში? მგონი ეს ყველა გულშემატკივრის ოცნებაა, — ამბობს ბორდალასი.

„ლა ბორდალეტა” გახლავთ სიმღერა, რომელიც „ვალენსიას” იუთუბერმა ფანმა GOTHAM VCF-ს სახელით ცნობილმა ისრაელ რუბიომ მომღერალ სარა ფერეროსა და რეპერ Zanon SHK-თან ერთად ჩაწერა. კლიპი კლუბის დაფინანსებით „მესტალიაზე” გადაიღეს.

და კიდევ ერთი. „ჩეების” ქომაგებს, თავადაც ჩეებს, არ უყვართ კლუბის ახლანდელი მეპატრონე, სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი. ქალაქში ხშირია მისი საწინააღმდეგო გამოსვლები. დაირხა ჭორები, რომ „ვალენსია” იყიდება. მუდმივად ლაპარაკობენ ახალი სტადიონის „ნოუ მესტალიას” მშენებლობასთან დაკავშირებულ დარღვევებზე და ასე შემდეგ.

„ფეხბურთელები გარე ამბებისგან სრულიად იზოლირებულები არიან. ჩვენ ყურადღება მხოლოდ თამაშისკენ გვაქვს მიმართული”, — ამბობს ბორდალასი.