„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს.
გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება.
არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა მე-5 წუთზევე გახსნა ანგარიში. მოჰამედ სალაჰმა 22-ე წუთზე პირველს მეორე გოლი მიაყოლა. შესვენების შემდეგ, 68-ე წუთზე სადიო მანემ მესამე შეაგდო, ხოლო 85-ე წუთზე სალაჰმა მეოთხე გოლით თამაშს წერტილი დაუსვა.
განრისხებულმა და გაწბილებულმა რანგნიკმა თქვა: „ძალიან უხერხულ დღეში ვართ. რაც მოხდა, სრულ იმედგაცრუებას იწვევს. დამამცირებელია. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ „ლივერპული” ექვსი წლით წინ არის.
მეორე ტაიმის პირველ 25 წუთში ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაში ძნელი ნამდვილად არ არის. კონტრშეტევებზე რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა ამანაც არაფერი მოგვცა. ხოლო როდესაც „ლივერპულმა” მესამე გოლი გაგვიტანა, თამაში დამთავრდა.”.
რანგნიკი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულის” დონეზეა, ოღონდ ახლანდელი „ლივერპულის” კი არა, არამედ 2015-16 წლების, როდესაც სკაუსერთა გუნდი იურგენ კლოპმა ჩაიბარა.
რანგნიკი: „ჩვენი გუნდი რომ შევადაროთ იურგენ კლოპის ახლანდელ და იმ გუნდს, რომელიც მან ექვსი წლის წინ ჩაიბარა, ვფიქრობ, ძველის დონეზე აღმოჩნდებით. მაშინ, კლოპმა თუ სწორედ მახსოვს მერვე ადგილი დაიკავა. „მანჩესტერ იუნაიტედს” რეკონსტრუქცია სჭირდება და ამაში ორი აზრი არ არის”.
„ენფილდზე” გამართულ შეხვედრაში მანკუნიანელებს პოლ პოგბა მე-10 წუთზე დაუშავდათ. რანგნიკმა ამასთან დაკავშირებითაც წუხილი და გაკვირვება გამოთქვა:
„ესეც მთელ რიგ კითხვებს ბადებს. ტრავმის გამო უკვე მეშვიდე თუ მერვე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, არადა ერთადერთ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ. ეს ძალიან არ მსიამოვნებს. შეხედეთ „ლივერპულს”, ის ოთხ შეჯიბრებაში მონაწილეობს და მისი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვარჯიშობ, რას აკეთებ იმისათვის, რომ ძალები სრულყოფილად აღიდგინო. დღეს ამ კითხვების ხმამაღლა დასმა და მათზე პასუხის გაცემაა აუცილებელი”.
საინტერესო და უცნაურია, რომ თუკი „ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში ვინმეს იოლად მოუგო, ეს „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო — ოქტომბერში, „ოლდ ტრეფორდზე” 5:0 და წუხელ 4:0.





