No description available.„ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში „კარკასონთან“ გასვლაზე მაგრად წააგო – 24:54, თუმცა ამით საფრანგეთის ყველაზე „ქართულ“ კლუბს არც არაფერი დაჰკლებია და მით უფრო, არც არაფერი მომატებია.

საქმე ისაა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ამ გუნდს არც ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დარჩა და აღარც დაქვეითება ემუქრება. საინტერესო კი გასული მატჩი იმით იყო, რომ მასში „ორიაკის“ ღირსებას ერთბაშად 5 ქართველი იცავდა: 3 ბორჯღალოსანი – ლუკა ნიორაძე, გიორგი ჯავახია და მიხეილ ალანია, მათ გარდა – გიორგი გოგოლაძე და ბექა შვანგირაძე. ეს უკანასკნელი 18 წლისაა და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ნიჭიერი მესამეხაზელის პროფესიული დებიუტიც აღინიშნა.

ორიაკელთა სამი ლელოდან ერთ-ერთი საკუთარ ანგარიშზე გარემარბმა გოგოლაძემ ჩაიწერა და ეს იყო მისი მეორე ლელო სეზონის მე-14 მატჩში.

No description available.სხვა ლეგიონერს ინდივიდუალურ დონეზე გასულ უქმეებზე თავი არ გამოუჩენია, თუ არ ჩავთვლით კოტე მიქაუტაძის წითელ ბარათს მისი „ბაიონის“ გასვლით მატჩში „მონტობანთან“. ბორჯღალოსანი მეორეხაზელი სასტარტოში იყო, მაგრამ მხოლოდ 19 წუთი ითამაშა, ვიდრე გააძევებდნენ.

სატურნირო მდგომარეობა კი შემდეგია: ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ ტრიუმფალური სვლა გააგრძელა და ცხრილის სათავეში 11-ქულიანი უპირატესობით მყარადაა გამაგრებული. აი, მეორე ადგილისთვის ბრძოლა კი ხსენებულ „ბაიონსა“ და „ოიონაქსს“ შორის ალბათ ბოლომდე გაგრძელდება.

No description available.საპლეიოფო ზონაში ასევე მყარად არიან „ნევერი“, „კარკასონი“ და „კოლომიე“.

გავარდნის უპირველესი კანდიდატები კი ის კლუბები არიან, რომლებიც ნასიონალ ლიგიდან პრო დ2-ში გასულ ზაფხულში დაწინაურდნენ – „ნარბონი“ და „ბრესანი“.

ამასობაში ევროპის ჩემპიონთა თასზე მეოთხედფინალის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა. უძლიერესთა ოქტეტში მოხვდნენ გურამ გოგიჩაშვილის „რასინგ-92“, გურამ პაპიძის „ლა როშელი“, მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის „მონპელიე“, ევროპის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“, ასევე ორ-ორი ინგლისური და ირლანდიური კლუბიც – შესაბამისად, „სეილ შარქსი“-„ლესტერ ტაიგერსი“ და „მანსტერი“-„ლენსტერი“.

იგივე სტადიაზეა მისული ჩელენჯ კაპიც. მეოთხედფინალში ითამაშებენ ბექა გორგაძის „ტულონი“, ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონი“, ლევან ჩილაჩავას „კასტრი“ და გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“, ასევე 3 ინგლისური („ლონდონ აირიში“, „უოსპსი“ და „სარასენსი“) და ერთიც – შოტლანდიური („ედინბურგი“) კლუბი.