სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის (სტუმრად 3:1, შინ 1:3, დამატებით დროში 1:0) შემდეგ მადრიდელები მოედანზე საკუთარ თავში ალბათ საჭიროზე მეტად დარწმუნებულები გავიდნენ და პირველ ტაიმში 0:2 მიიღეს — 21-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა გაუტანა, 25-ზე კი ერიკ ლამელამ. აი, შესვენების დროს კი კარლო ანჩელოტიმ თავის ფეხბურთელებს ეტყობა გრძნეული სიტყვები უთხრა, რადგან როდრიგომ, რომლის გოლმაც „ჩელსისთან” თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ისევ იყოჩაღა და 50-ე წუთზე სხვაობა შეამცირა.
82-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთის შესულმა ნაჩომ ანგარიში გაქვითა, ხოლო 90+2 წუთზე მადრიდელთა გამოკვეთილმა ვარსკვლავმა ქარიმ ბენზემამ ისევ როდრიგოს პასით გამარჯვების გოლი შეაგდო.
ის, რომ მადრიდელებს უტეხი სული აქვთ, 76-ე წუთზე დამტკიცდა, როდესაც ვინისიუს ჟუნიორს ხელით თამაშის მიზეზით გოლი არ ჩაუთვალეს. ამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს ქვემოთ გთავაზობთ. თავად გადაწყვიტეთ ეთანხმებით თუ არა მსაჯს. „ლოს ბლანკოსი” ცხადია არ დაეთანხმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დამთავრებამდე 14 წუთი რჩებოდა, არც გატყდა და გამარჯვების მომტანი ორი გოლი მაინც გაიტანა.
ბენზემასთვის ეს იყო მიმდინარე ჩემპიონატში 25-ე გოლი, ხოლო ყველა შეჯიბრებაში ერთად 39-ე. ამრიგად, „რეალი” 32 ტურის შემდეგ 75 ქულით პირველ ადგილზეა. მეორეზეა „ბარსა”, რომელიც დღეს „კადისთან” თამაშობს და კიდევ ერთი შეხვედრა მარაგში აქვს, თუმცა მადრიდელებს 15 ქულით ჩამორჩება.
„სევილიასაც” 60 ქულა აქვს, ოღონდ რეალის მსგავსად 32 თამაშიდან.
ლა ლიგის სეზონის დამთავრებამდე 6 ტურია დარჩენილი.