No description available.დიახ, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა და იმდენმა მორაგბემ დატოვა თამაში ტრავმის გამო, რომ „თრილერზე“ ზუსტი სიტყვით ვერც დაახასიათებ.

წინასწარვე ვიტყვით, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა – „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა, მაგრამ ავჭალაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას მეტოქემ უამრავი პრობლემა კი შეგვიქმნა.

თამაში საკმაოდ კარგი საცქერი გამოდგა, თუმც ამის თქმა არ შეიძლება იმ ეპიზოდებზე, როცა ქართული გუნდი აბსოლუტურად ბავშვურ შეცდომებს უშვებდა და ესპანელებს ქულების აკრეფის შანსებს თავად უქმნიდა.

პირენელები კი ძალიან ყურადღებით და მაქსიმალური კონცენტრაციით გვეთამაშებოდნენ. სხვა რა გზა ჰქონდათ? შეუიარაღებელი თვალითაც კი დაინახავდა კაცი, რომ პირველი ვიოლინოს პარტიას ამ წყვილში „შავი ლომი“ ასრულებდა, ხოლო „იბერიანსი“ კი ქართველების შეცდომებზე ნადირობდა და მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე მუდამ „თამაშში რჩებოდა“.

მეტიც, 35-ე წუთისთვის სტუმრები სულაც დაწინაურდნენ – 20:14, არადა მანამდე „ლომი“ 14:3 იგებდა.

No description available.ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტაიმის დარჩენილ დროში მათ კიდევ ორი ლელო გაიტანეს და ნახევარიც 26:20 მოიგეს. ამ ორი ლელოდან პირველი ვეტერანმა ლაშა ხმალაძემ დადო და ეს იყო მისი ინდივიდუალური ოსტატობის ნათელი გამოვლინება: „ქოქოსამ ბურთი ცენტრის ხაზთან მიიღო და სლალომით ნახევარ ესპანურ გუნდს გაცდა, ლელოში შეირბინა და ბურთიც დაამიწა. ეს იყო ნამდვილი სარაგბო მარგალიტი და ამ თამაშის ნახვა მარტო ამ ლელოს ხილვის ხათრითაც ღირდა.

პრინციპში, სარაგბო ესთეტიკის თვალსაზრისით, ხელწამოსაკრავი ლელო დანარჩენი 10-დან არცერთი ყოფილა, მათ შორის ჩვენი ტექნიკური ლელოც კი, თუმცა ხმალაძის შედევრმა „ავჭალაზე“ და ტელეეკრანებთან შეკრებილი ხალხი ნამდვილ აღტაცებაში მოიყვანა.

ზოგადად, ლაშა ხმალაძემ საუცხოო მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც შალვა მამუკაშვილმა, რომელმაც გარდა ორი ლელოს გატანისა, შემტევი ფაზების აკინძვისასაც შეუცვლელი იყო და თენგიზ პერანიძეს ხშირად 9 ნომრის ფუნქციების შესრულებაში ეხმარებოდა.

ამ გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკო აფციაურმა თამაშის პირველი ლელო დადო, ხოლო მეორე – კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

ბოლოს კი თავი შეცვლაზე ახალშესულმა ლაშა ლომიძემ გამოიჩინა და ეს იყო ჩვენი გუნდის მე-7 ლელო. სამწუხაროდ, მთლიანობაში არცთუ ურიგოდ მოთამაშე გიორგი ბაბუნაშვილმა პირველი სამი ზუსტი გარდასახვის შემდეგ მომდევნო სამი ააცილა, თორემ ანგარიშში სხვაობა რამდენადმე სოლიდური იქნებოდა. ჩვეულზე ინერტული იყო აკა ტაბუცაძე, ვისაც დაცვაში დიდი ჯაფა დაადგა.

No description available.თუმცა, ყველაზე გულდასაწყვეტი ის გახლდათ, რომ ერთი მეორის მიყოლებით საკმაოდ სერიოზულად დაშავდნენ: ჯერ აფციაური, ვის ნაცვლადაც თამაშში აქუბარდია ჩაერთო, მცირე ხანში კი ტრავმა აფციაურის თანახაზელმა ლუკა ივანიშვილმა მიიღო და ვინაიდან ჩვენს მარქაფაში მესამეხაზელი აღარ რჩებოდა, მის ნაცვლად კვაჭი თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა. აი ამის მერე კი ჩვენი შემადგენლობა და თამაში ნამდვილად აირია – მესამე ხაზში ხან ზამთარაძე იდა, ხან ბურჯი ქადარია, ხანაც მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. და ამ ყველაფრის მერე ჩვენს გუნდს ახალი განსაცდელი ელოდა – დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა ნოდარ ჭეიშვილმა. პლუს ამას, მოლის ჩაქცევისთვის მსაჯმა მოედანი ლაშა ჯაიანსაც დაატოვებინა და ჩვენი შერკინება ორკაცნაკლული დარჩა. თუმცა, ჭეიშვილის ნაცვლად შეხვედრაში ჩართულმა შუამარბმა ლაშა ლომიძემ დროული ლელო გაიტანა და ესპანელებმა ისღა შეძლეს, რომ ანგარიშში სხვაობა ბოლო შეტევაში შეამცირეს.

მოკლედ, ავჭალაში თრილერი გათამაშდა და იმედია, შემდგომში ბედი უფრო მოწყალე იქნება „შავი ლომისთვის“ – ამდენ ნერვიულობას არც ქომაგები ვიმსახურებდით და არც თავად მოთამაშეები.

წინ კი 8 მაისი და ლისაბონის ფინალია – ჩვენი მეტოქე პორტუგალიური „ლუზიტანუში“ იქნება, რომელმაც, სხვათა შორის, ამ „იბერიანსს“ დასავლეთ კონფერენციაში შინაც მოუგო და გასვლაზეც.