ამასწინათ ვვარაუდობდით, რომ როკ-ვარსკვლავი ლაიამ გალაჰერი მორიგ მრისხანე პოსტს 16 აპრილს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალის დღეს, მისი საყვარელი „მანჩესტერ სიტისა” და ლივერპულის” თამაშის შემდეგ გამოაქვეყნებდა. ისევე როგორც გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში, „სიტი” და „ლივერპული” ხვალ თასზეც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
მაგრამ, გალაჰერს მერსისაიდელებთან თამაშამდე მიეცა გაბრაზების საბაბი. ეს მადრიდის „ატლეტიკომ”, კერძოდ კი მისმა მონტენეგროელმა მცველმა სტეფან სავიჩმა მოახერხა.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ გაფიცხდა სავიჩი „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, როგორ დაესხა თავს „სიტის” ფეხბურთელებს: ჯერ ფილ ფოდენს, შემდეგ რაჰიმ სტერლინგს და ბოლოს ჯეკ გრილიშს. მის ასეთ ქცევას თამაშის შემდეგ გვირაბში გაწევ-გამოწევაც მოჰყვა.
ჯგუფ „ოაზისის” ყოფილმა ლიდერმა გალაჰერმა სავიჩი სოციალურ ქსელში უხეში სიტყვით მოიხსენია (იმავე სიტყვით, რომელიც მონტენეგროელისთვის მოედანზე გრილიშს უწოდებია) და მერე დაწერა ურჩევნია სადმე არ გადამეყაროს, თორემ მოვკლავო.
ერთი ხნის შემდეგ როკმენმა თავისი ტვიტი წაშალა, მაგრამ ხალხმა წაკითხვა მოასწრო.
სტეფან სავიჩი 2011-12 წლებში თავად გახლდათ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი.