„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12 წლებში „სიტიში“ თამაშობდა.
„ატლეტიკოს“ მცველს გონება შეხვედრის მიწურულს დაებინდა. ჯერ ფელიპეს მიერ უხეშად წაქცეული ფილ ფოდენის მოედნიდან გადათრევა მოიწადინა (ფოდენი კიდის მიღმა წაიქცა, მაგრამ ალბათ დროის გაყვანის მიზნით, მოედანზე შეგორდა), შემდეგ რაჰიმ სტერლინგს „ურქინა“ და ბოლოს ჯეკ გრილიშს თმა დაქაჩა. ფელიპემ უხეშობის გამო მეორე ყვითელი მიიღო, ისტერიულ სავიჩს კი ყვითელი ბარათი აკმარეს.
როდესაც მონტენეგროელი ფოდენს მივარდა, წაქცეულ თანაგუნდელს უკრაინელი ოლექსანდრ ზინჩენკო დაეხმარა — ზინჩენკო სათადარიგო იყო, ახლოს ხურდებოდა და ცოცხლად ჩაერთო საქმეში. სავიჩის წამოწყებულმა ინციდენტმა, რასაკვირველია, ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაითრია.
მსაჯმა ფელიპეს წითელი ბარათი რომ ამოუღო, ბრაზილიელმა მცველმა მას კამათი დაუწყო, სავიჩმა კი ამ დროს მათ ზურგს უკან სტერლინგზე გაიწია. ეს დაინახა გრილიშმა, რომელიც სტერლინგს გამოექომაგა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მას თმა დაქაჩეს.
ამ არეულობამდე, უშეღავათო შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტის“ კევინ დე ბრუინი და კაილი უოკერი დაუშავდა. ორივე იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
ჩხუბი კი მატჩის შემდეგ, გვირაბშიც გაგრძელდა. ძნელი არ არის იმის გამოცნობა, თუ ვინ ვერ მოისვენებდა — რასაკვირველია სავიჩი. ის კვლავ გრილიშზე იწევდა, შემდეგ კი ბალკანელ მეზობელს ხორვატი შიმე ვრსალკოც აჰყვა და „სიტის“ წარმომადგენლებისკენ ხან მეკარის ხელთათმანი ისროლა, ხანაც იფურთხა.
„სიტის“ სათადარიგო მეკარემ სკოტ კრეისონმა ვრსალკოს დაცინვით ქუჩაში გასვლა და საქმის გარჩევა შესთავაზა. ფეხბურთელები პოლიციელებმა გააშველეს.
„ატლეტიკოს“ ფანებმა არც პეპ გვარდიოლა დაინდეს და როდესაც „სიტის“ კატალონიელი მწვრთნელი გასახდელში შედიოდა, ტრიბუნიდან ბოთლები ესროლეს.
პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ დაშავებული ფეხბურთელები მოისაკლისა. ამ უქმეებზე „მანჩესტერ სიტის“ ასოციაციის თასზე „ლივერპულთან“ ნახევარფინალი ელის.
„დიდ გასაჭირში ვართ, — თქვა მან, — სამი დღის წინ პრემიერლიგაში „ლივერპულთან“ ურთულესი მატჩი გვქონდა, შემდეგ ვიმგზავრეთ, აქ ჩამოვედით, ფეხბურთელები დაშავდნენ და ისევ „ლივერპულს“ უნდა შევხვდეთ. იმედი მაქვს, მომდევნო კვირებში ასეთი რამ აღარ განმეორდება. ზეიმით კი შინ ჩავალთ და იქ ვიზეიმებთ. „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში მესამედ გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ეს დიდი მიღწევაა“.
ნახევარფინალში „ქალაქელებს“ „რეალთან“ უწევთ დაპირისპირება — ისევ მადრიდში იქნებიან ჩასასვლელები.