„რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა.
წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსი” საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა, მაგრამ საქმეში მოდრიჩი ჩაერთო. მან ლონდონელთა საჯარიმოში ბრწყინვალე გრძელი პასი მიაწოდა როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ბადეში გადაამისამართა. ასე გახდა ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში 4:4. დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ „თეთრების” გამარჯვების გოლი გაიტანა.
მოდრიჩის პასმა ტელეკომპანია BT Sport-ის სტუდიაში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი რიო ფერდინანდი აღაფრთოვანა.
„მოდრიჩის პასი! აი, რამ ჩამიხლიჩა დღეს ხმა. ეს რაღაც აკრძალული სიამოვნება იყო. ვყვიროდი: ლუკა, მუკა თუ როგორც ჰქვია. ფენომენალური იყო”, — ემოციას ვერ მალავდა ფერდინანდი.
„მოდრიჩის ამ პასს შეგიძლია მთელი დღე უყურო. უყურეთ პასს და დაივიწყეთ კარში დარტყმა”, — მხარი აუბა კოლეგას „ლივერპულისა” და „რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა სტივ მაკმანამანმა.
ჯო კოული: „მშვენიერი პასი იყო. აი, რა შეუძლიათ მოგიძღვნან მაღალი დონის ფეხბურთელებმა”.
ხორვატი 36 წლისაა, მაგრამ ასაკი ჯერჯერობით ვერაფერს აკლებს. 2018 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატი კვლავ „რეალის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ის, რომ „ლოს ბლანკოსი” სადაცაა ესპანეთის ჩემპიონი გახდება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, (იქ „მანჩესტერ სიტის” ან მადრიდის „ატლეტიკოს” შეხვდება), მისი დიდი დამსახურებაა.
„დღევანდელი შეხვედრის აღწერა შეუძლებელია, — თქვა თავად მოდრიჩმა BT Sport-თან კომენტარში, — გოლამდე მკვდრები ვიყავით. „ჩელსიმ” სამი გაგვიტანა. პირველ ეპიზოდში მეტოქეს იღბალიც წაეშველა, რადგან რიკოშეტი იყო…
ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ, უბრალოდ, ლონდონელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს და გოლები გაგვიტანეს. კარგი იყო, ფარ-ხმალი რომ არ დავყარეთ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. მტკიცე ხასიათი გამოვამჟღავნეთ.
ეს იყო კიდევ ერთი დაუჯერებელი საღამო, როდესაც წაგებას ტკბილი გემო აქვს. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.
ძალიან დაგვეხმარა გულშემატკივარი. მართალია 0:3-ს ვაგებდით, მაგრამ ისინი ჩვენს გამხნევებას განაგრძობდნენ. მწვრთნელმა დიდებული შეცვლები განახორციელა. ყველა, ვინც შემოვიდა, თამაშში საუცხოოდ ჩაერთო.
ჩემპიონთა ლიგა ის შეჯიბრებაა, რომელშიც გამოცდილება თავის როლს თამაშობს და ვფიქრობ, დღეს ცოტათი ამანაც გვიშველა. პირადად ჩემთვის „ჩელსი” ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა. ის ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ვიცოდით, რომ უშეღავათო ბრძოლა მოგვიწევდა”.