No description available.გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა.

ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12  მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა.

პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ გოგიჩაშვილი იყო, რომელიც უკვე მე-3 წუთზე დაშავდა, თუმცა 66-ეზე მისმა შემცვლელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და გურამს დაბრუნებამ მოუწია.

„მონპელიემ“ კი ინგლისის პრემიერშიპის ერთ-ერთ ლიდერ „ჰარლიქუინზს“ უმასპინძლა და შედეგიან ჯახში 40:26 იმარჯვა. გელა აფრასიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა.

ჩელენჯ კაპზე კი ქართული წარმომადგენლობა 4 მორაგბით შემოიფარგლა.

„ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო: სოსო ბეკოშვილმა 52-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა 13 წუთში ტრავმირებული პარტნიორი შეცვალა და ბოლომდე მინდორზე დარჩა, ხოლო თედო აბჟანდაძე 56-ეზე დაასვენეს. მეტოქედ კი „ბრივს“ მკვდრეთით აღმდგარი „სარასენსი“ ჰყავდა, რომელმაც ფრანგული კლუბისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა, თანაც სტუმრად – 55:5.

„ბიარიცმა“ კი თანამემამულე „ტულონს“ უმასპინძლა და 20:17 მოიგო. ამ გამარჯვებაში წვლილი ორმა ქართველმა ბურჯმა შეიტანა – უჩა ჭეიშვილმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ვახტანგ ახობაძე თამაშში 63-ეზე ჩაერთო.

No description available.ამასობაში კი საფრანგეთში პრო დ2-ის 26-ე ტური ჩატარდა და წინა ტურის მსგავსად, ჩინებული ქართული ლელო ამ ჯერზეც გავიდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, დათოვლილ ორიაკში ადგილობრივი კლუბის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ მხრებით სამი მეტოქე ბურთთან ერთად ლელოში შეათრია, გასულ ტურში კი თავი „გრენობლის“ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ ისახელა, რომელმაც გახსნილ, ხელდახელ თამაშში ისეთი რამ ჩაიდინა, ნებისმიერ შუამარბს შეშურდებოდა. ზუზუმ ბურთი ზუსტად კარის წინ, მოძრაობაში მიიღო, მეტოქე დაქნევით უსაქმოდ დატოვა და ლელომდე დაუბრკოლებლად ირბინა. ეს „მონტობანთან“ შეხვედრის მე-6 წუთზე მოხდა, ხოლო „გრენობლმა“ 22:21 მოიგო.

ლიდერი უცვლელია – „მონ-დე-მარსანმა“ ორიაკში 32:14 ბონუსით დაამარცხა ადგილობრივი კლუბი, 96 ქულა დააგროვა, რაც 10 ქულით მეტია, ვიდრე უახლოეს მდევარ „ბაიონს“ დაუგროვდა.