Guardiola and Klopp kept things friendly during what was an extremely high pressure game„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ 2:2-ის შემდეგ პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპის შესახებ მხოლოდ აღმატებულ ხარისხში შეეძლო ლაპარაკი.

„სიტი“ ორჯერ იგებდა. მანკუნიანელთა პირველი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, მეორე გაბრიელ ჟესუსმა, მაგრამ სტუმრებმა დიოგო ჟოტამ და სადიო მანემ ორივეჯერ გაქვითეს.

პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ კოლეგის შესახებ თქვა: „მე არ ვიცი მცემს თუ არა იურგენი პატივს, მაგრამ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მას მე, როგორც მწვრთნელი, უფრო მაღალ საფეხურზე ავყავარ… მისი გუნდები პოზიტიურ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ და უტევენ. მე მათ მიბაძვას ვცდილობ.

ჩვენ მეგობრები არ ვართ, ვახშმად ერთად არ დავდივართ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, დიდების დარბაზში აუცილებლად მივუსხდებით მაგიდას. მე მისი ტელეფონის ნომერი ვიცი, ოღონდ არ დამირეკავს. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ შემდეგ შაბათს ისევ შევეცდები მის დამარცხებას“.

შემდეგ, გვარდიოლამ „სიტის“ დარჩენილ შეხვედრებზე ილაპარაკა: „შვიდი მატჩი დარჩა, რაც ბევრ ქულას ნიშნავს. ჩვენც მოგვიწევს სტუმრად თამაში, მათაც მოუწევთ. მქონდა განცდა, რომ თავს გავართმევდით. არ ვიცი მომავალში რა მოხდება. კმაყოფილი ვარ როგორც ვითამაშეთ გუნდთან, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ.

ისინი მე მაიძულებენ ვიფიქრო შეტევაზე, დაცვაზე. წლებია ვფიქრობ მათ მსგავს თამაშზე. ძალიან მინდა პრემიერლიგის მოგება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ და ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივარი ამას აფასებს.

შეხვედრა ფრედ დამთავრდა. მოხდა ისე, როგორც მოხდა. თქვენ მიმომხილველები ხართ, თქვენ უნდა დაწეროთ და თქვათ რა იყო და როგორ. პირველ წრეში, „ენფილდზე“, ჩვენ ბრწყინვალე ტაიმი ვითამაშეთ და გავათანაბრეთ. მაშინაც 2:2 დასრულდა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოთხი ქულა გავუშვით ხელიდან, მაგრამ ასე არ ხდება. მოვიგებდით, ფრედ ვითამაშებდით თუ წავაგებდით, ამით არაფერი დამთავრდებოდა. რომ მოგვეგო მაინც ამას ვიტყოდი. ახლა უპირატესობით უნდა ვისარგებლოთ. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ: ახლა მადრიდში უნდა წავიდეთ (ჩემპიონთა ლიგაში), მერე ფეხბურთის ასოციაციის თასზე ისევ „ლივერპულს“ უნდა ვეთამაშოთ და შემდეგ უკვე დავასრულებთ პრემიერლიგას, სადაც შევეცდებით ჩემპიონები გავხდეთ“.