კრიშტიანუ რონალდუმ „გუდისონ პარკზე“ ჩადენილი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.
რა დააშავა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა? მატჩის მერე გვირაბში რომ შედიოდა, დაგდებულ საგანს ფეხი დაარტყა და გატეხა. საგანი „ევერტონის“ გულშემატკივრის ხელიდან გავარდნილი მობილური ტელეფონი გამოდგა.
ამ ამბავმა ინგლისის სოციალური ქსელებში რეზონანსი გამოიწვია. ამის გაგონებაზე ალბათ მკითხველთა ნაწილი გაიფიქრებს რომ მაშინ, როდესაც ევროპაში ომი მძვინვარებს გაზულუქებული უსაქმურები სისულელეებით არიან დაკავებულები, მაგრამ ფაქტია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინციდენტის საფუძვლიანად შესწავლის პირობა დადო და გამოთქვა ვარაუდი, რომ როდესაც რონალდუმ ტელეფონს ფეხი დაარტყა, ის უკვე დამტვრეული იყო.
მოგვიანებით, კრიშტიანუმ ინსტაგრამზე ბოდიში მოიხადა და „ევერტონის“ უტელეფონოდ დარჩენილი ფანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშზე დაპატიჟა.
37 წლის რონალდუ: „რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება ყოველთვის ძნელია. ასე მოხდა ამჯერადაც.
ამის მიუხედავად, ჩვენ სხვათა პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ, უნდა მოვიქცეთ მშვიდად და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მშვენიერი თამაში ფეხბურთი უყვართ, მაგალითი ვაჩვენოთ.
მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი საქციელისთვის და გულშემატკივარი, რომელსაც მობილური ეკუთვნოდა ფეარ ფლეისა და სპორტული ღირსების ნიშნად „ოლდ ტრეფორდზე“ დავპატიჟო“.
გასახდელისკენ მიმავალი რონალდუ მართლა გაბრაზებული ჩანდა, რადგან „ევერტონმა“, რომელიც პრემიერლიგის 20-გუნდიან ცხრილში მე-17 ადგილზეა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1:0 მოუგო.





