Giorgi Mamardashvili of Valencia CF warms up prior to the LaLiga Santander match between Elche CF and Valencia CF at Estadio Manuel Martinez Valero...დღეს მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცია. ძალიან ახალგაზრდა ქართველი მეკარე გადამწყვეტ მონაკვეთში დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას და რაც კარში ჩადგა, გუნდი სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით გოლს გოლზე აღარ უშვებს. გიორგი კლუბის ოფიციალურ პრეს-სამსახურს ესტუმრა და სხვადასხვა კითხვას პასუხი გასცა.

ვალენსიასთვის

საუბარში გიორგიმ გამოამჟღავნა, რომ მას აქვს ამბიციური სურვილი დაიცვას „ვალენსიას“ ფერები და ხაზი გაუსვა, რომ ოსტატობის ამაღლებას ცდილობს:

„ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. აქ, „ვალენსიაში“ ბევრს ვმუშაობ და როგორც ფეხბურთელი დღითიდღე ვიზრდები. მსურს მომავალში უკეთესი მეკარე გავხდე. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომელსაც ეს კლუბი მაძლევს. მსურს დავეუფლო ესპანურ ენას. ცოტ-ცოტას ყოველდღე ვსწავლობ. მართალია, ესპანური ქართულისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ცოდნას ვაუმჯობესებ.

პროგრესი

„ჩვენ ყოველ დღე ვმუშაობთ, ოსტატობა რომ ავიმაღლოთ. მინდა ზრდა განვაგრძო და თასის ფინალს ჩემს გუნდთან ერთად კარგ ფორმაში შევხვდე“.

„მესტალიას“ მნიშვნელობა

ისევე, როგორც „ვალენსიას“ ყველა სხვა ფეხბურთელი, მამარდაშვილიც ხაზს უსვამს, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერას ყოველ შეხვედრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ქომაგების მადლობელია:

„ჩემთვის „მესტალია“ ძალიან მნიშვნელოვანია. იგრძნობა, რომ აქ დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. ნამდვილად ვამჩნევ ხალხის მხარდაჭერას. აქ თამაში ფანტასტიკურია, დიდი პატივია. მთელი ყურადღება გუნდთან ერთად მუშაობაზე მაქვს გადატანილი.

ვალენსიაში მარტო ვცხოვრობ. ერთ დღეს აუცილებლად შემოვივლი მთელს ქალაქს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობ. ქუჩაში ხალხი უკვე მცნობს, ფოტოს გადაღებას და ავტოგრაფს მთხოვენ. მინდა „ვალენსიას“ ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა იმ მიღებისა და მოპყრობისთვის, რომელსაც აქ ვგრძნობ“.

Giorgi Mamardashvili of Valencia CF warms up prior to the LaLiga Santander match between Elche CF and Valencia CF at Estadio Manuel Martinez Valero...ადაპტაციის პერიოდი

გიორგი ესპანურს სწავლობს და ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს გარემოსთან შეგუების პერიოდი. ქართველი ხაზს უსვამს, რომ თავიდან სილესენმა გაუწია დიდი დახმარება. ის აგრეთვე თავისი ქვეყნიდან გრძნობს მხარდაჭერას.

„კლუბში ძალიან დამეხმარნენ, განსაკუთრებით სილესენი და ოჩოტორენა (ხოსე მანუელ ოჩოტორენა, 60 წლის მეკარეთა მწვრთნელი) დამიდგნენ მხარში. რომ ჩამოვედი, ესპანური საერთოდ არ მესმოდა და ჯასპერს ინგლისურად ველაპარაკებოდი. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო. მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ჩემს ოჯახს. ისინი ჩემით ამაყობენ. აგრეთვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ქართველ ქომაგს, რომელიც ჩემს თამაშს აკვირდება და მატჩებს უყურებს“.

ბორდალასთან ურთიერთობა

„ბორდალასი დიდი პროფესიონალია. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მიხარია ასე რომ მენდობა. მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს“

თასის ფინალი

„ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. მინდა გუნდთან ერთად თასი მოვიგო. მესმის, რომ ეს ვალენსიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა გავიმარჯვოთ“.

https://www.superdeporte.es